LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც იცავს უკრაინის დემოკრატიას” – ვლადიმერ ზელენსკი

447
1554020769-ვლადიმირ-ზელენსკი-5

“მე მიყვარს საქართველო”, – ამის შესახებ უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატმა, შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადა. ზელენსკიმ არჩევანი რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

„მე მიყვარს საქართველო. ძალიან მომწონს უკრაინული, ქართული და იტალიური სამზარეულო. საშიშია საქართველოში ჩამოსვლა, რადგან როცა ჩამოვდივარ, მინიმუმ ოთხი კილოგრამით მეტი ვბრუნდები.​ ძალიან მომწონს თბილისი და მცხეთა. თუ არ ვცდები, საქართველოს ძველი დედაქალაქია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მას საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. ზელენსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სერიოზული დიპლომატი და მრჩეველია. მისვე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ის უნდა დაუბრუნონ.

„მიხეილ სააკაშვილს ველაპარაკე. ის გავლენიანი პოლიტიკოსია, მისი აზრი გასათვალისწინებელია ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის. ის არის ადამიანი, რომელიც იცავს უკრაინის დემოკრატიას და ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო არენაზე. ამაზე მისი ყველა მოქმედება მეტყველებს. სააკაშვილი სერიოზული დიპლომატი და მნიშნველოვანი მრჩეველია,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინა დღეს პრეზიდენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. 30-მა მილიონმა ამომრჩეველმა პრეზიდენტი 39 კანდიდატს შორის უნდა აირჩიოს. კანდიდატებს შორის არიან გავლენიანი პოლიტიკოსები და რადას მოქმედი და ყოფილი დეპუტატები, თუმცა მთავარი ბრძოლა 3 კანდიდატს შორის მიმდინარეობს. ესენი არიან პეტრო პოროშენკო, იულია ტიმოშენკო და ვლადიმერ ზელენსკი.

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მათგან ყველაზე დიდი მხარდაჭერა კომიკოს მსახიობს და ტელეწამყვანს ვლადიმერ ზელენსკის აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები