LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაძის მოედანზე ესტაკადა უნდა მოეწყოს

53

უცხოელი ექსპერტებისთვის გადახდილი ათი ათასობით ლარი თბილისს საცობებისგან ვერ განტვირთავს – ამ შეფასებას მერიის მიერ დაქირავებული გერმანელი სპეციალისტების რეკომენდაციებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აკეთებს.

როგორც მან რადიო “ავტორადიოს” განუცხადა, მხოლოდ უცხოელი ექსპერტები დედაქალაქის საცობებისგან განმუხტვისთვის საჭირო რეკომენდაციებს ვერ დადებენ, ვინაიდან მხოლოდ რამდენიმე დღის დაკვირვება არსებული რეალობის სწორად განსაზღვის საშუალებას არ იძლევა, ქართველ სპეციალისტებს კი, მესხიშვილის თქმით, მერია არ უსმენს და არც მათ მიერ შემუშავებულ პროექტს იზიარებს.

რაც შეეხება სწორედ ქართველი ექსპერტების რეკომენდაციებს: დავით მესხიშვილის განმარტებით, საცობს მაგალითად, სააკაძის მოედანზე შუქნიშანი ვერ განტვირთავს :

“აქ უნდა მოეწყოს ესტაკადა. საცობს განმუხტავს ორდონიანი მოძრაობა. ყველაზე მთავარი პრობლემა კი პარკირების მოწესრიგებაა. სააკაძის მოედანზე  მრავალსართულიანი პარკირება უნდა მოეწყოს“ – აღნიშნა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, საცობები არის კომპლექსური პრობლემა. საჭიროა, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის დაკონსერვებული შემოვლითი რკინიგზის პროექტის განახლება, რომელიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე ტრანზიტულ გადაადგილებას 37 %-ით განტვირთავდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ასევე ისეთი მუნიციპალური მომსახურების საათობრივ დარეგულირებაზე საუბრობს, როგორიცაა დასუფთავების მანქანების ღამის საათებში მუშაობა, რომ პიკი საათის დროს საცობები ნაკლები იყოს.

როგორც მესხიშვილმა “ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა, მიხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერია მათ მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს არასოდეს პასუხობს, ორგანიზაცია ამ კუთხით გააქტიურებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები