LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ტუროპერატორების ცნობით, საქართველო, შესაძლოა „მეგობრული ტურისტული ქვეყნების“ სიაში შევიდეს

144
რუსი ტურისტები საქართველოში

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში შევიდა კანონპროექტი, რომელიც დსთ-ს რიგი ქვეყნების მიმართულებებით სპეციალიზებული ტუროპერატორებისთვის ფინანსურ შეღავათებს ითვალისწინებს.

საუბარია სარეზერვო ფონდში მინიმალური შენატანისა და სადაზღვევო გადასახადის შემცირებაზე

„Парламентской газета“-ს ინფორმაციით, დოკუმენტი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა.

გამოცემის ცნობით, განმარტებით ბარათში ნახსენებია დსთ-ს ქვეყნების შესახებ ფორმულირება. თავად კანონპროექტის ტექსტში კი წერია, რომ ქვეყნების სიას მთავრობა დაამტკიცებს.

კანონის თანახმად, ტუროპერატორებს უნდა ჰქონდეთ დაზღვევა ან საბანკო გარანტია, რათა მოგზაურებს გაკოტრების შემთხვევაში, ფული დაუბრუნონ. მათთვის, ვინც ყიდის ტურებს რუსეთში, თანხები უფრო დაბალია, ვიდრე უცხოური კომპანიებისთვის.

შიდა ტუროპერატორები დაზღვეულია 500 ათასი რუბლით, გარე – 10-50 მილიონი რუბლით, ტურისტების რაოდენობის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ტურისტული პორტალები TourDom.ru-ს ინფორმაციით, „მეგობრული“ ქვეყნების სია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან უკვე შეთანხმებულია.

მასში შედიან ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, საქართველო, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები.

კანონი ძალაში, სავარაუდოდ, 2024 წლის 1 აპრილიდან შევა.

 

ფოტო: ალექსანდრე იმედაშვილი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები