LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ტაქსოკომპანიები მონოპოლიზაციას გეგმავენ – ბიზნესი, თუ აგენტურული სქემა?!

17

თბილისის მერიის სატრანსპორტო ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობს.  დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ლიცენზირების შესახებ მერიამ ჩარჩო-მონახაზიც შეიმუშავა, თუმცა რას გულისხმობს გეგმა, მერს არ დაუკონკრეტებია.

”თემასთან  დაკავშირებით, ფართო კონსულტაციები,  ჯერ-ჯერობით,   არ მიმდინარეობს, თუმცა  დროთა განმავლობაში შესაძლოა, ეს საკითხი გააქტიურდეს”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ტრსანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია ვარაუდობს, რომ სამომავლოდ, რუსული კომპანიები ტაქსების სფეროს მონოპოლიზებას გეგმავენ, რაც, მისივე თქმით, ქართულ კომპანიებს არასამრთლიან კონკურენციის პირობებში ჩააყენებს.  ალანია თბილისის მერს სატრანსპორტო საშუალებების  რეგულაციების და ტაქსების ლიცენზირების საკითხის დროულად განხილვისკენ მოუწოდებს.

”მოსკოვიდან თბილისში 14 ბიზნესმენი ჩამოვიდა, რომლებმაც ჩამოსვლის მიზეზებზე არ ისაუბრეს. სავარაუდოდ,  მათი სურვილია, საქართველოში, რუსულმა კომპანიამ ”ტრანსოფტი”,  ტაქსების ბიზნესი დაიწყოს. ეს არის  ყველაზე ძლიერი კომპანია რუსეთში, რომლის ქართულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყანაში მონოპოლიზაციას გაამყარებს. ბევრი კითხვა გვებადება, ამიტომ, სანამ ამ სფეროში უკონტროლო ვითარებას მივიღებთ, უმჯობესია,  სასწრაფოდ დაიწყოს სატრანსპორტო საშუალებების  რეგულაციების და ტაქსების ლიცენზირების საკითხის ფართო განხილვები” – განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

ტაქსების პროფკავშირების თავმჯდომარე ნანა ფილაური მოითხოვს, თბილისის მერმა საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას :

”ჩნდება ეჭვი, რომ სატრანსპორტო ტაქსების ლიცენზირების მონახაზის განხილვა ხელოვნურად ფერხდება,  რომ ეს რეგულაცია გარკვეულ რუსულ კომპანიებს მოარგონ.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი ტაქსოკომპანია არსებობს სამეწარმეო გამოცდილებით, რატომ უნდა შემოვიდეს უცხო ქვეყნის კომპანია და რატომ უნდა  მოახდინონ ტაქსების ბიზნესის მონოპოლიზება? ჩნდება ეჭვი,  რომ ეს არის  მიზანმიმართული ქმედება, ქართველი ბიზნესმენები და ტაქსის მძღოლები დარჩებიან უმუშევრები”– განაცხადა ნანა ფილაურმა.

სამუშაო პროცესში ჩართულია ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია. ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით, თბილისის მერიას კონკრეტული გეგმა არ აქვს და მხოლოდ სხვა ქვეყნების გამოცდილებით ხელმძღვანელობს, რა კონკრეტული  რეგულაციები დადგინდეს ამ მიმართულებით.

”მთავარი პრიცინპი არის ის, რომ პროცესი იყოს  მაქსიმალურად ფრთხილი, რათა არ მივიღოთ მასობრივად უმუშევარი ადამიანები. ჩვენი ორგანიზაცია რუსული კომპანიების შემოსვლის წინააღმდეგია, ეს კომპანები ცნობილები არიან იმით, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუკაზე არ აღიარებენ.

ასევე, არსებობს ვერსიები, რომ ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით ტაქსები საუკეთესო საშუალებაა, რათა შეისწავლონ საზოგადოებრივი აზრი. ამიტომ, არ უნდა გამოვრიცხოთ,  რომ ეს ერთგვარი აგენტურული სქემაც იყოს. ანუ ასეთ შემთხვევაში, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ჩვენ მხარს ვუჭერთ მხოლოდ იმას,  რომ ტაქსებში მდგომარეობა მოწესრიგდეს,  თუმცა არა მათი უმუშევრად დარჩენის ხარჯზე” – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

თბილისში სავარაუდოდ 50 ათასამდე ტაქსი გადაადგილდება. როდის გახდება ნობილი ტაქსების ლიცენზირების შესახებ მერიის გეგმა ან კონკრეტულად რა რეგულაციები იქნება დაწესებული, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ავტორი სალომე კვარაცხელია

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები