LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ავიაჰოლდინგები სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

113
AIR

„ვედომოსტის“ ცნობით, რუსეთის დიდმა ავიაჰოლდინგებმა სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მიზეზად მგზავრთა არასაკმარისი ნაკადის ალბათობა სახელდება. გარდა ამისა, მათთვის გაურკვეველია ისიც, თუ რომელი ავიაკომპანია დათანხმდება არაღიარებულ რესპუბლიკაში ფრენებს, რადგან რუსეთის გარდა, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას მხოლოდ ოთხი სახელმწიფო – ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია აღიარებს.

„ვედომსტის“ერთ-ერთმა წყარომ ამ პროექტისთვის სამშენებლო მასალების მიწოდების სირთულეზეც გაამახვილა ყურადღება, რადგან ეს მასალები აფხაზეთში არ იწარმოება.

გამოცემა წერს, რომ სოხუმის აეროპორტისთვის პროფილური ინვესტორის მიზიდვაზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რამდენიმე წელია, რაც მუშაობს. ინვესტორის შესარჩევი საკონკურსო პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიასთან პარტნიორობის ხელშეკრულება 49 წლის ვადით გაფორმდება და მას რეკონსტრუქციაში, მინიმუმ, 8 მლრდ რუბლის (82 866 დოლარის) ინვესტირება მოუწევს.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის პოტენციური ინვესტორების შესარჩევად განაცხადების მიღება 15 სექტემბერს დაასრულა. უწყების ცნობით, ინვესტორის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ე.წ. რუსულ-აფხაზური ერთობლივი კომისია მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სამინისტრო აეროპორტის ამოქმედების თარიღად 2024 წლის ბოლო კვარტალს მოიაზრებდა, ამჟამად კი 2025 წლის 31 მარტს ასახელებს.