LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში კომედიის მე-9 თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსის დაჯილდოებით დასრულდა

192
თეატრალური-ფესტივალი

რუსთავში კომედიის მე-9 თეატრალური ფესტივალი დასრულდა. ფესტივალი რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა გოჩა კაპანაძის სპექტაკლით „ძუნწი“ დახურა. ფესტივალის დასასრულს ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსის გამარჯვებული გამოავლინეს.

შეგახსენებთ, რომ 10-დან 27 ნოემბრის ჩათვლით, კომედიის თეატრალურ ფესტივალს რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრი მესამედ მასპინძლობდა.

ფესტივალის შინაარსი დაარსების დღიდან უცვლელია. რეპერტუარში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება.

ფესტივალზე წელს  რუსთავს 12 დასი  ეწვია, ამასთანავე გასული წლის მსგავსად გაიმართა ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსიც, რომელში მონაწილეობაც, სტუდენტ და მაგისტრანტ რეჟისორებს შეეძლოთ. მათ კონკურსის ფარგლებში ევალებოდათ წარმოედგინათ ეპიზოდი კომედიური ჟანრის პიესიდან ეტიუდის სახით.

კონკურსანტები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ შეაფასა  და გამარჯვებული ფესტივალის დახურვაზე  რუსთავის თეატრისა და კომედიის თეატრალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ დაასახელა. წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებული ახალგაზრდა რეჟისორი თეიმურაზ დვალია, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტია.

გამარჯვებული რეჟისორის  სპექტაკლი რუსთავის თეატრში დაიდგმება, მიღებული ჰონორარით კი ის სწავლის ერთი წლის საფასურს სრულად დაფარავს. კომედიის თეატრალურ ფესტივალზე წელს,  3 საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარიც გამოვლინდა, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში სპექტაკლის დადგმა რუსთავის თეატრის მცირე სცენაზე შეეძლებათ. ასევე ფულადი პრიზით დაჯილდოვდა მსახიობი ვატო სანიკიძე.

კომედიის თეატრალური ფესტივალი 2023-ზე წარმოდგენილმა სპექტაკლებმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელს ერთი წლით დაემშვიდობა. მომავალ წელს განახლებული პროგრამით ფესტივალი საიუბილეო მე-10 წელს აღნიშნავს და განსაკუთრებულ სანახაობას გვპირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები