LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს არ გადაიხადონ თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის საფასური

65b820ae4baea201706ab519692cfb90

რუსთავის მერია მგზავრებს მოუწოდებს, არ გადაიხადონ რუსთავი-თბილისის მიმართულებით “მძღოლების მიერ თვითნებურად გაზრდილი ტარიფი”. მერიის ცნობით, უწყება აქტიურად მუშაობს ქალაქში ალტერნატიული ტრანსპორტის შეყვანის საკითხზე.საუბარია M3 კატეგორიის ტრანსპორტზე, კერძოდ ავტობუსებზე, რომელიც თბილისის მიმართულებით მგზავრებს დაბალ ფასად გადაიყვანს. ამასთან დაკავშირებით რუსთავის მერიამ ნოემბერში თბილისის მერიამ უკვე მიმართა.

“პროცესში ჩართულები არიან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საკითხთან დაკავშირებით სამი სამუშაო შეხვედრა უკვე გავმართეთ თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურებთან, შეხვედრა გვქონდა ასევე იმ კომპანიასთან, რომელიც კვლევას აწარმოებს ტრანსპორტის კუთხით თბილისში. ბოლო შეხვედრა გვქონდა გუშინ, სადაც სავარაუდო სამარშრუტო პუნქტი განისაზღვრა, რომელიც ოფიციალურად წარგვედგინება რუსთავს და შესაძლებლობა გვექნება გამოვაცხადოთ კონკურსი და M3 კატეგორიის დანიშვნაზე გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები”, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერის თქმით, მგზავრობის საფასური მძღოლებმა 1 ლარი და 50 თეთრიდან 2 ლარამდე, თვითნებურად გაზარდეს, ამით კი ტარიფის განსაზღვრაზე, რუსთავის საკრებულოს შესაბამისი დადგენილება დაარღვიეს. ქალაქის მერის განცხადებით, მგზავრობის ოფიციალური საფასური რუსთავი-თბილისის მარშრუტზე საკრებულოს მიერაა დადგენილი და ის 1,50 ლარია.

“ტარიფის გაზრდაზე როდესაც ჩვენთან ინფორმაცია შემოვიდა, შესაბამისმა სამსახურმა ჩაატარა მონიტორინგი და თითოეულ ლოტზე, სადაც მოხდა მგზავრობის საფასურის გაზრდა, გატარდა შესაბამისი სანქციები. გარდა ამისა, ამ კომპანიასთან დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც განსაზღვრავდა რეალურ ტარიფს. მოსახლეობა არ არის წინააღმდეგი, რომ რეალური და გამჭვირვალე ტარიფი დაიდოს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს კომპანიის გაკოტრება, როგორც ისინი აცხადებენ, თითქოსდა ფასების გაზრდა გამოწვეულია აქედან. მე ვფიქრობ, რომ თუ არ დაიდო შესაბამისი დასკვნა და სპეციალისტებმა არ განსაზღვრეს ტარიფი, ასე თვითნებურად ფასების მატება, ეს არ არის სწორი მიმართულება”, – განაცხადა რუსთავის მერმა.

ირაკლი ტაბაღუა მგზავრებს მოუწოდებს, არ გადაიხადონ თვითნებურად გაზრდილი ტარიფი.

“მგზავრების მიერ ზედმეტი თანხის გადახდა, შეიძლება ეს შევადარო იმას, როდესაც გარკვეულ ავტოსადგომებზე მომსახურე პირებს მანქანის დაყენების დროს გარკვეულ თანხას, ანაზღაურებას ავტომობილების მძღოლები საჩუქრად აძლევენ, ფაქტობრივად ამ შემთხვევაშიც ასე გამოდის “, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავსა და თბილისს შორის მიკროავტობუსით მიმოსვლა 50 თეთრით 29 დეკემბერს გაძვირდა და 2 ლარი გახდა. რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანმა შპს ,,ინტერ ტრანსმა” განაცხადა, მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მძღოლებმა მიიღეს. მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, რუსთავი- თბილისის ხაზებზე დასაქმებული მიკროავტობუსების მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები