LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი-თბილისის ხაზზე მგზავრობა გაძვირდა – რას აცხადებს ქალაქის მერი

165
Untitled design (3)

დღეიდან თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა.

ამ დრომდე ქალაქებს შორის გადაადგილება 1,8  ღირდა, დღეიდან კი ტარიფი ლოკაციების მიხედვით, სხვადასხვა მარშრუტზე 2,5 ლარიდან ან 2,8 ლარამდე გაიზარდა.

ამის შესახებ მოქალაქეები საუბრობენ და გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ:

“ხალხიც აფორიაქებულია და ფიქრობენ, რომ საღამოს მერიასთან აქცია გამართონ. ელოდებიან რას იტყვიან მერისა და კომპანიის შეხვედრის შემდეგ, რომელიც ახლა იმართება. ჩვენი მერი კიდევ სკვერების გაკეთებას უნდება ქალაქში”, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ “ფორტუნასთან”.

“ფორტუნამ” საკითხის გარკვევა სცადა კომპანია “ინტერ ტრანსთან”, რომელიც მგზავრებს ემსახურება, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ცოტა ხნის წინ რუსთავის მერი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. 

როგორც შეხვედრის შემდეგ მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, კომპანიას ვალდებულება აქვს, მერია ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით ერთი თვით ადრე გააფრთხილოს, თუმცა მერიაში წერილი გუშინ შევიდა.

მერის თქმითვე, გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები, რათა ამ ვითარებიდან გამოსავალი მოინახოს:

“შევხვდით კომპანიის წარმომადგენლებს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მათ ჩვენთან შეუთანხმებლად გააძვირეს მგზავრობის ფასი.

ვალდებულება აქვთ, რომ მერიას ერთი თვით ადრე უნდა მიმართონ, ეს ვალდებულება იყო დარღვეული, მხოლოდ გუშინ შემოვიდა წერილი, ამიტომ ვთხოვეთ აეხსნათ, რამ განაპირობა ფასის ზრდა.

ჩვენ გარკვეულწილად ლოიალური დამოკიდებულება გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ სერვისი, რომელსაც იღებდნენ და ის პირობები, არც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რიგ შემთხვევაში ირღვეოდა და ამას ვაკეთებდით მხოლოდ იმიტომ, რომ ფასი არ გაზრდილიყო და ვითვალისწინებდით მოსახლეობის ინტერესებს.

დღეს ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე, მათი მხრიდანაც იყო გარკვეული პრობლემები დაყენებული, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და რუსთაველებს ნამდვილად მივცემთ პირობას, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში მაქსიმუმს გავაკეთებთ, გამოსავალი მოვძებნოთ”, – განაცხადა მერმა.

რაც შეეხება კითხვას, დაჯარიმდება თუ არა კომპანია “ინტერ ტრანსი”, მერმა აღნიშნა:

“რა თქმა უნდა, ჩვენ სამართლებრივ ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც ხელშეკრულებით გვაქვს დადგენილი, დაიწყება დაჯარიმება და ასევე დავიწყებთ სამუშაო შეხვედრებს მათთან ერთად, რომ მოვძებნოთ გამოსავალი”, – განაცხადა რუსთავის მერმა.

რაც შეეხება კომპანია “ინტერ ტრანსის” პოზიციას, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ფასების სტაბილურობა, თუმცა ბოლო პერიოდში მძღოლების ნაწილმა სამუშაო ადგილები დატოვა და შესაძლებელი იყო, მიკროავტობუსები გაჩერებულიყო:

“ქვეყანაში 83 %-ით არის გაზრდილი საწვავის საფასური და მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს, ასევე მნიშვნელოვნად არის გაძვირებული ავტონაწილების სარემონტო სამუშაოებთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები.

ამ ყველაფრის მიუხედავად, კომპანია “ინტერ ტრანსი” ბოლო პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად მაინც ცდილობდა შეენარჩუნებინა ფასების სტაბილურობა რუსთაველების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ბოლო პერიოდში ასეთი რეალობა იყო, რომ მძღოლების ნაწილმა სამუშაო ადგილები დატოვა – მათ აღარ უღირდათ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, მგზავრების გადაყვანა და შესაძლებელი იყო, მიკროავტობუსები პრაქტიკულად გაჩერებულიყო, რაც ქალაქს მნიშვნელოვან კრიზისამდე მიიყვანდა.

ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში რუსთავის მერიასთანაც გვქონდა აქტიური კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელი იყო შეგვენარჩუნებინა ძველი ფასები”, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ გააფრთხილეს წინასწარ შესაბამისი უწყებები, კომპანიაში განმარტეს:

“ჩვენ წერილობითი ფორმითაც უკვე მივმართეთ რუსთავის მერიას, მაქსიმალურად ცდილობდა კომპანია საფასურის შენარჩუნებას, აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლო მომენტამდე გვეგონა რომ ამ ტარიფს შევინარჩუნებდით და წინასწარ გაფრთხილება ამიტომ ვერ მოხდა”.