ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სალიას თქმით, ირაკლი იმნაიშვილი არის პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი კრიტიკულობით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. მანვე აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ში დარჩენილ თანამშრომლებს ირაკლი იმნაიშვილი უკვე წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. მანამდე, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ 20 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს, ეთერში აღარ გადის.