LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ეთერში სარეკლამო რგოლები – „გაკეთდა თბილისისთვის“, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა

495

„ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ეთერში სარეკლამო რგოლები – „გაკეთდა თბილისისთვის“, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა. ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. კომისიამ შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“ მიმართ საჩივარი განიხილა.

როგორც კომისიაში აცხადებენ, აა(ი)პ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“, მპგ „ევროპულმა საქართველომ – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი სამდივნომ“ მიმართა. აღნიშნული ორგანიზაციები ტელეკომპანიების, „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ეთერში მერიის დაკვეთით განთავსებული სარეკლამო რგოლების – „გაკეთდა თბილისისთვის“, შესწავლას და კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მათზე რეაგირებას ითხოვდნენ.

„კომისიამ საჯარო სხდომაზე ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით განიხილა საკითხი და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ არის. ვიდეო რგოლებით – „გაკეთდა თბილისისთვის“ – კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს რეკლამირება ხდება და აქედან გამომდინარე, არ შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის, მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიზანს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ეთერში სარეკლამო რგოლები – „გაკეთდა თბილისისთვის“, განთავსდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, თუმცა კომისიამ ტელეკომპანიების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა (წერილობითი გაფრთხილება) არ გამოიყენა“, – განაცხადეს კომისიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები