კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ 2 500 ლარით დააჯარიმა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „რუსთავი 2“-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი დაარღვია.
კომუნიკაციის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა.
კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს ასევე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დაცვა და სერიალი „ფარული ვნების“ ეთერში კანონის მოთხოვნების შესაბამისად განთავსება დაავალა.
„რუსთავი 2“-ის მიერ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას მოქალაქეებმა გიგა გუდაძემ და ბესარიონ წულაიამ მიმართეს.
კომუნიკაციების კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ სერიალ „ფარულ ვნებას“ მაუწყებლის მიერ მინიჭებული ჰქონდა არასათანადო კატეგორია, რომელიც კანონის შესაბამისად სამაუწყებლო ბადეში 24 საათიდან უნდა განთავსდეს.
შეგახსენებთ, პირველი აგვისტოდან „რუსთავი 2“-ზე, ახალი სერიალი „ფარული ვნება“, მძაფრი სიუჟეტითა და მოდის სამყაროს ინტრიგებით გადის. სერიალი 22 საათზე გადიოდა ეთერში.
ბრაზილიური ტელესერიალი, „ფარული ვნება“ ემის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი ფილმია.