LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2: ფარცხალაძე ლევან ყიფიანს ფიზიკურად გაუსწორდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა

44

ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს გაუპატიურებით ემუქრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. მათივე ცნობით, ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად ერთ-ერთ სარდაფში გაუსწორდა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოგვიანებით რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმაც დაადასტურა. მისი თქმით, ლევან ყიფიანს ამ შემთხვევის შემდეგ თავის მოკვლაც კი უნდოდა.

„ ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ სჯობს. ჩვენ როგორც ვიცით, ჩააგდეს სარდაფში და სცადეს შეუარცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. იმ სახლის სარდაფში ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა, იმიტომ რომ ლევანი რომ წავიდა იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი იმ ღამეს ყველა განვიცდიდით. მერე იყო უფრო მეტი დაშინება და იგივე ჩვენი დირექტორების, რომ ამ სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო“-ამბობს ოქუაშვილი „კვირის აქცენტებში“.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქმე ეხება ე.წ. ომეგას საქმეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის დავალებას ოთარ ფარცხალაძე ასრულებს. საუბრები შედგა იმ პერიოდში, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზაზა ოქუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ბიძინა ივანიშვილს ბიზნესში დაბრუნებაში დახმარება სთხოვა.

ტელეარხის ცნობით, ივანიშვილმა ის ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან  გადაამისამართა, ფარცხალაძემ კი ოქუაშვილს უთხრა, რომ მისი ბიზნესის პრობლემების მოსაგვარებლად ე.წ. კონტრიბუციის სახით, 4  მილიონი უნდა გადაეხადა. ოქუაშვილმა მთავარ პროკურორს უპასუხა, რომ ურთიერთობის გაგრძელება პირდაპირ ივანიშვილთან ერჩივნა, რაზეც ფარცხალაძემ მიუგო, რომ თავად წარმოადგენდა ივანიშვილს.

ამავე ცნობით, ამის შემდეგ ოქუაშვილმა ვითარებაში გარკვევა სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს სთხოვა, ყიფიანი კი პრემიერ კვირიკაშვილს  შეხვდა და ჰკითხა, რა როლი ჰქონდა საქმეში ოთარ ფარცხალაძეს.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ივანიშვილი უკმაყოფილო დარჩა ყიფიანის მიერ საქმეში კვირიკაშვილის ჩარევით, რის გამოც ოთარ ფარცხალაძეს სთხოვა, “ჭკუა ესწავლებინა” სპორტის მინისტრისთვის.

ტელეარხის ცნობით, აღნიშნულის შემდეგ ოქუაშვილი და ყიფიანი ერთად შეხვდნენ ივანიშვილს, რომელმაც ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს 4 მილიონის გადახდა სთხოვა და უთხრა, რომ “ყველა ასე იხდის”.

ჩანაწერები არ არის სრული და არც ავთენტურობაა დადასტურებული.