LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი სამხედროები აფხაზეთში საველე ჰოსპიტალს მოაწყობენ, მობილური საავადმყოფო გათვლილია 100 პაციენტზე

81
1

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მობილური საავადმყოფო, იგივე საველე სამედიცინო განყოფილება, აფხაზეთში გაგზავნა.

რუსეთის თავდაცვის უწყება ახალ მოძრავ საავადმყოფოს განათავსებს კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ.

სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, საავადმყოფო, რომელიც 100 საწოლზეა გათვლილი, აიტარის პანსიონატის ტერიტორიაზე განთავსდება.

Ekhokavkaza.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მობილური მრავალდისციპლინური საავადმყოფოს სამხედრო მოსამსახურეებმა უკვე დაიწყეს 800 კმ-იანი მსვლელობა სტანდარტული აღჭურვილობით ქალაქ ბუდიონოვსკიდან აფხაზეთში.

“რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მოთხოვნით, გააგზავნა მობილური საავადმყოფო 100 საწოლით, სამკურნალო ადგილების  მოცულობის გასაზრდელად და პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით”, – წერს მედიასაშუალება.

საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, საავადმყოფო საველე სამედიცინო განყოფილებაა, რომელიც კოვიდ-19-ით  დაავადებული პაციენტების სტაციონარული მკურნალობისთვის არის განკუთვნილი.

ამავე წყაროს ცნობით, სამედიცინო და სადიაგნოსტიკო ღონისძიებების განსახორციელებლად, საავადმყოფო აღჭურვილია ხელოვნური ვენტილაციის მოწყობილობებით, ინტენსიური დაკვირვების მონიტორებით, რენტგენისა და ულტრაბგერითი აპარატებით.

დანაყოფი 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურისა და 30-მდე ერთეული ტექნიკისგან შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები