სოფელი აბანოს კადრები – აქედან საოკუპაციო ზოლამდე დაახლოებით 500 მეტრია. ამ ტერიტორიაზე რუსი ე.წ. მესაზღვრეები გუშინ ისევ გამოჩნდნენ. სოფელ კოდასა და აბანოს მიმდებარედ მავთულხლართებთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ჯერ ცხენით, მოგვიანებით კი ავტომობილით გადაადგილდებდნენ. ფაქტის ამსხველი ვიდეო და ფოტო მასალა სოციალურ ქსელში მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ხელმძღვანელმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეები საქართველოს კონტროლირებად ზონაში იყვნენ გადმოსული და მიწის აზომვით სამუშაოებს ასრულებდნენ.
იმ ადგილიდან, სადაც რუსი მესაზღვრეები გადაადგილდებოდნენ, კოდამდე სულ რამდენიმე მეტრია. საოკუპაციო ხაზთან რუსი მესაზღვრეების გახშირებულ გადაადგილებაზე სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა საუბარს გაურბის. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის შესასვლელთან მუდმივად არის საპატრულო პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პატრულირებს, რის გამოც სოფელში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. სოფლის შემოგარენში გასვლის შემთხვევაში კი, რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ აბანოს ტერიტორიაზე არსებული დოლომიტის საბადოსთან დაკავშირებით დაინტერესება გასულ კვირას ღიად დააფიქსირა. კარიერი საოკუპაციო ზოლიდან რამდენიმე ასეულ მეტრშია. საბადოების მითვისების მიზნით, ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ. საზღვრის დამდგენი სპეციალური კომისიაც არის შექმნილი.
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების გადმოსვლის ფაქტს არ ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. იგივე პოზიციას იზიარებს ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელიც. სოფელ კოდასა და აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გამოჩენას ამ დრომდე არცერთი უწყება არ გამოხამაურებია.
თამუნა გოგუაძე