საქართველოდან რუსეთში გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ პანდემიამდელ რიცხვს 49%-ით გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს. მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2022 წლის III კვარტალში აღმოჩნდა, როდესაც ვიზიტების რაოდენობამ 143%-ით გადააჭარბა 2019წლის III კვარტლის მაჩვენებელს.
ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 6.1 ღამეს უდრიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 2.17 ღამით მეტია.
როგორც ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული, 2022 წელს საქართველოს რეზიდენტების გასვლითი ვიზიტების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, 1.7მილიონ ვიზიტს მიაღწია და პანდემიამდელი მაჩვენებლის 71% შეადგინა.
2022 წელს გასული ვიზიტორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (54%) აირჩია, რომელსაც მოსდევდა რუსეთი (14%).
“2022 წელს ვიზიტების მთავარი მიზანი იყო საყიდლები, რამაც მიაღწია ვიზიტების საერთო რაოდენობის 41%-ს, მაშინ, როცა 2019 წელს ეს რიცხვი 29%-ს უდრიდა. საყიდლების წილი ასევე გაიზარდა გამსვლელი ვიზიტორების მთლიან ხარჯებში და მიაღწია 759 მილიონ ლარს, რაც 16%-ით მეტია 2019 წლის დანახარჯებთან შედარებით”, – აღნიშნულია კვლევაში.