LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ექსპორტზე 10 ტონა ”ჩირკოლადი” გავა

223

”ჩირკოლადის” სამარკო ნიშნით წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე რუსეთში გავა. ამ ეტაპზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. როგორც ”ფორტუნას” „ჩირკოლადის“ მწარმოებელი კომპანია შპს ”ბიო-მარგის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი არწივიძემ განუცხადა, სამომავლოდ თვიურად 10 ტონამდე პროდუქციის ექსპორტი იგეგმება.

”რუსულმა მხარემ დამატებითი მოთხოვნები გამოგვიგზავნა. ეს ეხება როგორც სურსათის უვნებლობას, ისე შეფუთვას, ტრანსპორტირებას. ახლა სწორედ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ვმუშაობთ და დეტალებს ვაზუსტებთ. ვცდილობთ, რომ 2016 წლის ბოლომდე მოესწროს ”ჩირკოლადის” პირველი პარტიის გაგზავნა”, – განმარტა არწივიძემ. მისივე ინფორმაციით, ”ჩირკოლადის” ნატურალური ტკბილეულის გარდა, ექსპორტზე ამავე ბრენდის ქვეშ წარმოებული სულგუნიც გავა, რომელიც პომიდვრის ჩირით მზადდება.

ამასთან, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, შპს ”ბიო-მარგი” არსებული საწარმოს გადაიარაღებასა და ახალი ქარხნის მშენებლობაზეც მუშაობს. საწარმოს წარმადობა თვიურად ამ დროისთვის 3 ტონაა, გადაიარაღების შემდეგ კი მისი გაზრდა იგეგმება, რათა კომპანია დააკმაყოფილოს როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრის მოთხოვნები.

გიორგი არწივიძის თქმით, ”ჩირკოლადი” ახალი საწარმო ევროპელი ექსპერტის რეკომენდაციების მიხედვით მოეწყობა და ევროპული სტანდარტები დაინერგება. ქარხნის მშენებლობისთვის შპს ”ბიო-მარგი” 300 ათასიდან – 500 ათასამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს და დამატებით კადრებსაც დაასაქმებს. რაც შეეხება ”ჩირკოლადის” ამჟამინდელ საწარმოს, როგორც არწივიძემ განმარტა, ის არ დაიხურება და ფუნქციონირებას ახალი ქარხნის გახსნის შემდეგაც განაგრძობს, თუმცა, სხვა ფორმატით – ძველ საწარმოში ლაბორატორია მოეწყობა.

”ჩირკოლადის” საწარმო 2011 წლიდან ბაღდათში ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები