უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მალე დაიბრუნებენ იმ უკრაინელ მეზღვაურებს, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა კუნძულ ზმეინზე დაატყვევეს.
ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ეს შესაძლებელია რუსი ტყვეების გაცვლის სანაცვლოდ მოხდეს.
ამის შესახებ მინისტრმა Суспільному-ს განუცხადა.
“აქ არიან მეზღვაურები, სხვათა შორის, ჩვენ გადავარჩინეთ 11 რუსი მეზღვაური და მზად ვართ, გადავცეთ ისინი, რისთვის გვჭირდება? დაე, ჩვენი ხალხი დაგვიბრუნონ.
მათ (რუსებმა) გამოთქვეს მეზღვაურების გაცვლის სურვილი, რომლებიც, გადაარჩინეს, ისინი შავ ზღვაში იხრჩობოდნენ და, იმედია, მალე გავცვლით. მაგრამ, ფაქტია, რომ იქ მარტო მეზღვაურები კი არა, როგორც ვიცით, თუ არ ვცდები, 92 ადამიანია, რომლებიც ტყვედ აიყვანეს”, – აღნიშნა მინისტრმა.
ვერეშჩუკის თქმით, რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ მას ტყვეების გაცვლის შესაძლებლობის შესახებ მიმართა.
შეგახსენებთ, კუნძულ ზმეინს ხომალდი 24 თებერვალს მიუახლოვდა. ისინი მუქარით ითხოვდნენ კუნძულის სასაზღვრო რაზმის სამხედრო მოსამსახურეებს ჩაბარებას. სწორედ მაშინ გაისმა უკრაინელი მესაზღვრეების ცნობილი ფრაზა, რომელიც მოგვიანებით, მტრისადმი დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა.
ოკუპანტებმა კუნძულის მისამართით გემიდან ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი საბრძოლო თვითმფრინავი გამოიყენეს.
იმავე საღამოს, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზმეინზე მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა და, სავარაუდოდ, კუნძული მტერმა დაიპყრო.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.