რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ღონისძიებებს სამხრეთ კორეაც უერთდება. არსებული ინფორმაციით, ოფიციალური სეული რუსეთში სტრატეგიული მასალების ექსპორტს აკრძალავს და უერთდება საერთაშორისო ძალისხმევას დაბლოკოს რუსეთი SWIFT-ის პროგრამაში. ჯერჯერობით, უცნობია რომელი სტრატეგიული მასალების ექსპორტზეა საუბარი.
გარდა ამისა, სამხრეთ კორეა გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინისთვის საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით და გაგზავნის არალეტალურ სამხედრო აღჭურვილობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აპირებს სინგაპურიც. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვივიან ბალაკრიშნამ სინგაპურის პარლამენტში განაცხადა. მან უკრაინაში რუსეთის შეჭრას საერთაშორისო ნორმების ცხადი და უხეში დარღვევა უწოდა. მისი თქმით, სინგაპური სხვა ქვეყნებთან შეთანხმებულად იმოქმედებს და ძლიერ პოზიციას დაიკავებს.