LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში – ტრადიცია თუ მოსკოვის გავლენის გაძლიერება ქართულ ეკლესიაზე?!

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში რუსულენოვანი მორწმუნეებისთვის თავის წარმომადგენელს აგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, საქართველოში სასულიერო პირის გამოგზავნის საკითხი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან არის შეთანხმებული. ეს საკითხი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილეს.

რუსეთის საპატრიარქოს განცხადების თანახმად, წმინდა სინოდის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ თბილისში რუსულენოვანი მრევლისთვის მსახურების შესასრულებლად დეკანოზ ვლადიმერ ალექსანდროვს აგზავნიან. რუსეთის საპატრიარქოში იმასაც ამბობენ, რომ მოსკოვის დეკანოზი ვლადიმერი „აუცილებელ შემთხვევებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის წარმომადგენელი იქნება.“

თეოლოგების ნაწილის აზრით, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის თბილისში ჩამოსვლის მთავარი მიზანი, რუსული ეკლესიის გავლენის გაძლიერება იქნება.

 

„არავითარი საფუძველი არ გაგვაჩნია დღეს, ნებისმიერი ამ ტიპის ინიციატივას შევხედოთ პოზიტიური მოლოდინით. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც რუსეთის ეკლესია საკუთარ პოზიციებს კიდევ ერთხელ იმაგრებს იმისთვის, რომ მან ალტერნატიული შესაძლებლობები გააჩინოს სხვადასხვა მისიისთვის თუ ინტერესების განსახორციელებლად, რომელიც მას საქართველოსთან მიმართებაში აქვს,“- აცხადებს თეოლოგი, ლადო ნარსია.

 

განსხვავებული პოზიცია აქვს ლევან აბაშიძეს. თეოლოგი „ფორტუნასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ვინაიდან რუსული და ქართული ეკლესიები ავტოკეფალურია, ისინი ერთმანეთის ტერიტორიებზე არ ერევიან. მისივე თქმით, ყველა ეკლესია, მიუხედავად იმისა, მასში რუსულად მიმდინარეობს წირვა თუ სხვა ენაზე, მაინც საქართველოს ეკუთვნის. შესაბამისად, აბაშიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის ეჭვქვეშ დაყენება საფუძველს მოკლებულია. დეკანოზ ვლადიმერ ალექსანდროვის საქართველოში გამოგზავნას აბაშიძე ჩვეულებრივ ფაქტს უწოდებს.

 

„ხდება ხოლმე ამგვარი გაცვლა, უკვე ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ეკლესია მიავლენს ხოლმე რუსეთში საკუთარ მღვდელს იმისთვის, რომ მან იქ ქართულად ქართულენოვანი მრევლისთვის აღავლინოს წირვა,“ – განმარტავს ლევან აბაშიძე „ფორტუნასთან“.

 

აბაშიძის თქმით, სამღვდელოების ეს ე.წ. „გაცვლა“ ორმხრივი პროცესია – როგორც ქართული მხარე აგზავნის რუსეთში ქართული დიასპორისთვის მსახურების სრულად შესასრულებლად ქართულენოვან მღვდლებს და ეს მღვდლები არ გადადიან რუსეთის იურისდიქციაში, ასევე აგზავნის რუსეთი საქართველოში რუსულენოვან დეკანოზს. აბაშიძის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არა ერთი რუსულენოვანი მოქალაქეა, მრევლს აუცილებლად სჭირდება ისეთი მღვდელი, რომელიც ღვთის მსახურებას სლავურ ენაზე აღავლენს.

„ჩვენ არ გვყავს საკმარისი რაოდენობით ისეთი მღვდელმსახურები, რომლებიც რუსულ ენაზე თავისუფლად ატარებენ მსახურებას. ამიტომ, გამართლებულია რუსულენოვანი მღვდლის ქართულ ეკლესიაში გამოგზავნა,“ – ამბობს აბაშიძე.

 

 აქვს თუ არა გავლენა რუსეთის ეკლესიას საქართველოში?!

თეოლოგების ნაწილი აცხადებს, რომ რუსეთიდან წარმომადგენლის დანიშვნა კიდევ უფრო გაამყარებს არსებულ ეჭვს, რომ საქართველოს ეკლესიაზე რუსეთის ეკლესიას დიდი გავლენა აქვს და ამიტომაც დაინიშნა მოსკოვიდან ე.წ. „კურატორი“.

„რუსეთის ეკლესია არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც რაიმეს შემთხვევით აკეთებს. მით უფრო, რომ ჩვენ რუსეთის ეკლესიის განჩინებაში ვკითხულობთ, რომ დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი, ვინც რუსეთის წარმომადგენელია, გარკვეულ შემთხვევებში იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის გამომხატველი საქართველოში. ეს უმნიშვნელო აღნიშვნა არ არის,“ – ამბობს თეოლოგი, გურამ ლურსმანაშვილი.

ლევან აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ  თუკი აქამდე გარკვეული საკითხების შეთანხმებისთვის და მოლაპარაკებების საწარმოებლად მოსკოვიდან რომელიმე სასულიერო პირის თბილისში ჩამოსვლა სპეციალურად ინიშნებოდა ხოლმე, ან პირიქით – ჩვენი სასულიერო პირების წარმომადგენლობის ჩასვლა იყო აუცილებელი რუსეთში, ახლა „საჭირო შემთხვევაში შეიძლება, გარკვეული საკითხები ამ ადამიანმა (ვლადიმერ ალექსანდროვმა) მოაგვაროს.“

 

„ის, ამავე დროს, იქნება გარკვეული დიპლომატიური წარმომადგენელიც. ამაში საგანგაშო არაფერია. რატომ უნდა ვიეჭვიანოთ, რომ  ერთ მღვდელს, რომელიც, მითუმეტეს, ოფიციალურად არის წარმოდგენილი, ცუდი განზახვები აქვს?! თუკი რუსეთის ეკლესია უშვებს, რომ ჩვენ აქედან ქართველი მღვდელი გავუშვათ, აქ იქნებოდა სწორი, რომ ჩვენ არავინ შემოვუშვათ? მითუმეტეს იმ პირობებში, რომ რუსეთის ეკლესიასთან საქართველოს ეკლესიას კარგი ურთიერთობა აქვს და რუსეთის ეკლესიამ არანაირი სახით არ სცნო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები, როგორც საქართველოსგან გამოყოფილი,“ – აღნიშნავს ლევან აბაშიძე.

 

 

„კუდები უნდა მიაკერონ“ – საპატრიარქოს პოზიცია რუსეთის საპატრიარქოს მიერ საქართველოში წარმომადგენლის გამოგზავნის შესახებ

რუსეთის საპატრიარქოს მიერ საქართველოში წარმომადგენლის გამოგზავნას საქართველოს საპატრიარქოში ეხმაურებიან. მათი თქმით, ვლადიმერ ალექსანდროვი საქართველოში რუსულენოვანი მრევლისთვის საეკლესიო მსახურებას ჩაატარებს, თუმცა, მას რუსეთის საპატრიარქოს პოზიციების დაცვაც დაევალება.

დეკანოზი და მოსკოვის ქართული ეკლესიის წინამძღვარი, მამა კახაბერ გოგოტიშვილი დეკანოზ ვლადიმერ ალექსანდროვის საქართველოში პოლიტიკური ნიშნით გამოგზავნას გამორიცხავს.

„ეს პირველი შემთხვევა კი არ არის, რაც მე ეკლესიაში ვარ, მახსოვს, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი ქართველი მრევლისთვის მოემგზავრება და აქედან სამაგიეროდ, ასევე რუსეთის წარმომადგენელი თბილისში მიემგზავრება რუსი მრევლისთვის. ხომ უყვართ გართულება და სიტუაციის დამძიმება, რომ კუდები უნდა მიაკერონ, რამდენი წელია, 90-იანი წლების დასაწყისიდან ასეა, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი მოღვაწეობს მოსკოვში, ემსახურება ქართველ მრევლს, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი თბილისში რუს მრევლს ემსახურება,“– განაცხადა მამა კახაბერმა.

სასულიერო პირების შეფასებით, თბილისში მოსკოვიდან და რუსეთში საქართველოდან სასულიერო პირის გაგზავნა ერთგვარი ტრადიციაა.

 

„ნუ მოახდენთ ასეთი საკითხების დრამატიზირებას. ეს ტრადიცია იყო წლების განმავლობაში, ჩვენ ვაგზავნით, მათაც აქვთ ლეგიტიმური უფლება, რომ თავიანთი წარმომადგენელი გამოაგზავნონ. ეს არ არის ან რუსეთის ან საქართველოს დაქვემდებარებაში ტაძრების გადაცემა. ეს არის მრევლის დაკმაყოფილებისთვის გაწეული სამსახური,“– განაცხადა დეკანოზმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა.

 

ვლადიმერ ალექსანდროვის თბილისში ჩამოსვლის გადაწყვეტილება პატრიარქმა კირილმა და სინოდის წევრებმა 14 მაისს მიიღეს და უკვე ცნობილია, რომ ალექსანდროვს საქართველოში რუსულენოვანი მრევლისთვის საეკლესიო მსახურების გარდა, რუსეთის საპატრიარქოს პოზიციების დაცვაც დაევალება.

 

თათია კაკიაშვილი