რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში რუსულ ენაზე მსახურებისთვის სასულიერო პირს აგზავნის. ამ მიზნით საქართველოში დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი ჩამოვა. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი.
„2018 წლის 14 მაისს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მოისმინა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილე I-ს განცხადება საქართველოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურის გაგზავნის შესახებ.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან შეთანხმების შედეგად წმინდა სინოდის წევრებმა თბილისში, რუსულენოვანი მრევლისთვის მსახურების მიზნით ქალაქ მოსკოვის დეკანოზის ვლადიმერ ალექსანდროვის გაგზავნა გადაწყვიტეს. აუცილებელ შემთხვევებში დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის წარმომადგენელი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საპატარიარქოში განმარტავენ, რომ დეკანოზის გამოგზავნა ეკლესიებს შორის არსებული შეთანხმებით ხდება და მოსკოვში ქართული მრევლისთვის დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი უკვე ორი თვეა რაც მსახურობს.
პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მამა მიქაელი აცხადებს, რომ რუსეთის ეკლესიის დეკანოზი თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს.