LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საგარეო უწყება გაერო-ში მამუკა ბახტაძის გამოსვლას პასუხობს

75

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლას ეხმაურება.

„ყურადღება მივაქციეთ საქართველის მთავრობის ხელმძღვანელის მამუკა ბახტაძის გამოსვლას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში, სადაც მან რუსეთს მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ რაღაც „ახალი სამშვიდობო“ ინიციატივის განხორციელებას. გამოსვლამ დატოვა უცნაური შეგრძნებები. როგორც ვხედავთ, მსოფლიო საზოგადოებას კვლავ შთააგონებენ რეალობისგან უსასრულოდ დაშორებულ წარმოდგენას, რომ რესპუბლიკების მოსახლეობა დიდი ხანია, სიხარულით დაბრუნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში, რომ არა „რუსი ოკუპანტები“. ვიმედოვნებთ, რომ თავად ქართველი პოლიტიკოსები, პროპაგანდისტული ვარჯიშისგან თავისუფალ დროს მაინც, აცნობიერებენ რეალურ მდგომარეობას,“ -აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ თბილისის სამშვიდობო ინიციატივა განისაზღვრება არა მოსკოვის დამოკიდებულებით, არამედ იმით, თუ როგორ აღიქვამენ მას სოხუმსა და ცხინვალში.

„როგორც ცნობილია, რუსეთი დიდი ხანია, მოუწოდებს საქართველოს, დაიწყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. უმჯობესია, ქართულმა მხარემ გამოიყენოს შესაძლებლობა, მოყვეს თავისი შეთავაზებების შესახებ ჟენევის დისკუსიებზე, რომელსაც, გაერო-ს განგანსხვავებით, ესწრებიან ამ რესპუბლიკების წარმომადგენლები. ჯერ ასეთ შესაძლებლობას თბილისი უგულვებელყოფს,“ -ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები