“ჩვენ გვინდა გავიგოთ მადრიდის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ რუსეთისთვის აუცილებელია, უკრაინა არასდროს გახდეს ნატო-ს წევრი, ეს იქნებოდა მისასალმებელი ცვლილება ნატო-ს პოზიციაში,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც რიაბკოვმა აღნიშნა, ეს არის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი.
„ჩვენ გვინდა გავიგოთ მადრიდის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ რუსეთისთვის აუცილებელია, უკრაინა არასდროს გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენთვის მისაღები იქნებოდა, თუ 2022 წელს მადრიდში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე 2008 წელს ბუქარესტის სამიტის ფორმულა, სადაც წერია, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, შეიცვლება და ჩაიწერება ეს სიტყვები – უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს იქნებოდა მისასალმებელი ცვლილება ნატო-ს პოზიციაში. ჩვენ დავიღალეთ ტყუილუბრალო საუბრით და ნახევრად დაპირებებით თუ ცრუ ინტერპერეტაციებით იმის შესახებ, თუ რა მოხდა სხვადასხვა მოლაპარაკებებზე დახურულ კარს მიღმა. ჩვენ არ ვენდობით მეორე მხარეს. ჩვენ გვესაჭიროება მტკიცე და ლეგალური გარანტიები და არა დაპირებები. ეს არის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა რიაბკოვმა.
სერგეი რიაბკოვის განცხადებითვე, შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულად მიუდგა რუსეთის წინადადებებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
„გუშინდელი და დღევანდელი მოლაპარაკებები რთული, ხანგრძლივი, ძალიან პროფესიონალური, ღრმა, კონკრეტული, რამის შელამაზების, მწვავე საკითხების გვერდის ავლის მცდელობების გარეშე იყო. ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ამერიკული მხარე ძალიან სერიოზულად მიუდგა რუსეთის შეთავაზებებს და სიღრმისეულად შეისწავლა ისინი. ჩვენი მხრიდან წარმოვუდგინეთ ამერიკელებს დეტალურად ჩვენი შეთავაზებების ლოგიკა და შინაარსობრივი ნაწილი, განვუმარტეთ ამერიკულ მხარეს, თუ რატომ არის აბსოლუტური იმპერატივი ნატო-ს არგაფართოების იურიდიული გარანტიების მიღება, რატომ არის ჩვენთვის აუცილებელი რუსეთის საზღვრებთან ისეთი დარტყმითი საშუალებების არგანთავსების იურიდიული გარანტიების მიღება, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენს ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება და რატომ ვაყენებთ იმის საკითხს, რომ ნატო-მ უნდა თქვას უარი ნატოში 1997 წლის შემდეგ, ანუ რუსეთ-ნატოს ფუძემდებელი აქტის ხელმოწერის შემდეგ გაწევრიანებული სახელმწიფოების ტერიტორიულ ათვისებაზე. ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენთვის ამ სამ საკვანძო, განუყოფელ, აბსოლუტურად აუცილებელ მიმართულებაზე წინსვლის გარეშე სხვა ასპექტებზე მუშაობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ამერიკული მხრიდან იყო წამოყენებული პრეტენზიები უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის ჯარების კონცენტრაციასთან დაკავშირებით, გამოთქმული იყო გარკვეული მუქარები ჩვენი მისამართით. ჩვენ განვუმარტეთ კოლეგებს, რომ უკრაინაზე თავდასხმის არანაირი გეგმები არ გვაქვს და ვერც გვექნება, ხოლო ძალების საბრძოლო მზადყოფნის ყველა ღონისძიება ხორციელდება ჩვენი ეროვნული ტერიტორიის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით არ არის რაიმე ესკალაციის სცენარის საშიშროების საფუძველი“, – განაცხადა რიაბკოვმა.
რიაბკოვის განცხადებით, რუსეთი აშშ-ს მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ აშშ-ის მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ. კონფრონტაციის შესაძლო გაძლიერებასთან, დაკავშირებული რისკების არასათანადოდ შეფასება არ შეიძლება. საქმიანი, პროფესიონალური საუბარი თავისთავად განაწყობს უფრო ოპტიმისტურად, თუმცა როგორც აღვნიშნე, მთავარი საკითხები ჰაერშია გამოკიდებული და ჩვენ ვერ ვხედავთ ამერიკული მხრიდან ამ საკითხებში ჩვენთვის სასურველი გზით გადაწყვეტის იმპერატიულობის გაცნობიერებას“, – განაცხადა რიაბკოვმა.