“რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე” – ამ სახელწოდებით, რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებული ილუსტრაციების კონკურსი “საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის” (GISP) ორგანიზებით დაიწყო.
მათი განცხადებით კონკურსის მიზანია ოკუპაციის თემაზე ორიგინალური, ადვილად აღსაქმელი და ინფორმაციული ილუსტრაციები შეიქმნა, რომელიც საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს ოკუპაციის სიმძაფრეს:
“ილუსტრაციებით გვსურს გადმოვცეთ ის საფრთხე და ტკივილი, რაც ამ მტრული მოქმედებებით მიადგა საქართველოს.
კონკურსი ემთხვევა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს კონკურს მხოლოდ 100 წლის წინანდელ მოვლენებს ეძღვნება. კონკურსის თემა მოიცავს 1921 წლიდან დაწყებულ მოვლენებს, რომელიც დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციისა თუ ჰიბრიდული ომის სახით.”
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ნამუშევრებში გადმოცემული უნდა იყოს, განსაკუთრებით, რუსული ოკუპაციის ემოციური ნაწილი. რა გავლენა იქონია რუსეთის ოკუპაციამ და მცოცავმა ანექსიამ ე.წ. საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების ბედსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. როგორ შეცვალა 2008 წლის მოვლენებმა იმ ადამიანების ყოფა, ვინც იძულებით დატოვა საკუთარი სახლი და დევნილთა დასახლებებში განაგრძო ცხოვრება, როგორ იზრდება თაობები საკუთარი სახლებიდან შორს და ა.შ.
ილუსტრაციების კონკურსი „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ 10 აპრილს დაიწყო და 10 მაისს დასრულდება.