LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დუმა სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხს განიხილავს

97
ლუგანსკი და დონეცკი

რუსეთის სახელმწიფო დუმა დღეს, 15 თებერვალს პლენარულ სხდომაზე უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის – დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს.

დუმის სხდომის დღის წესრიგშია კომუნისტების და პარტია „Единой Росиа“-ს მიერ მომზადებული პროექტები.

„კომუნისტური პარტიის“ დადგენილების პროექტი ითვალისწინებს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების თხოვნით პირდაპირ პრეზიდენტ პუტინისთვის მიმართვას.

„Единой Росиа“-ს პროექტის თანახმად, საკითხი კონსულტაციისთვის უნდა გაიგზავნოს ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში და პრეზიდენტს მხოლოდ სამინისტროს შეფასების შემდეგ მიმართონ.

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ინფორმაციით, რომელ ვარიანტს დაუჭერენ მხარს დეპუტატები, 15 თებერვლის სხდომაზე ე.წ. სარეიტინგო კენჭისყრით გადაწყდება. როგორც ვოლოდინმა თქვა, დღის წესრიგშია „უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო საკითხი“.

რუსეთის დუმის სპიკერის განცხადებით, ვაშინგტონი დაძაბულობას ზრდის და ევროპის ქვეყნებთან ერთად უკრაინას იარაღს აწვდის, კიევი ისევ არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს, ეს ყველაფერი კი საფრთხეს უქმნის „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს და თანამემამულეებს“.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა სეპარატისტებმა უკრაინის ორი რეგიონი – დონეცკი და ლუგანსკი 2014 წელს ე.წ. დამოუკიდებელ, სახალხო რესპუბლიკებად გამოაცხადეს.

ამასთან, რუსეთმა წლების წინ უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემა დაიწყო და დღეს მათ თანამოქალაქეებად და თანამემამულეებად მოიხსენიებენ.