რუსეთის სახელმწიფო დუმა „საქართველოში ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების“ შესახებ დადგენილებაზე 9 ივლისს იმსჯელებს, რომლის პროექტი დუმის ვებგვერდზე უკვე განთავსდა.
დუმა რეკომენდაციით მიმართავს რუსეთის მთავრობას, განიხილოს და წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს წინადადებები საქართველოსთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების შესახებ.
დეპუტატები კატეგორიულად გმობენ საქართველოში უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციებს და აღნიშნავენ, რომ „ამ ქვეყნის რადიკალური ძალების ღია გამოხდომები მიდის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი დეგრადაციისკენ“ .
დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.