LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ბაზარზე ქართულ შინდზე მოთხოვნა იზრდება

201

რუსეთის ბაზარზე ქართულ შინდზე მოთხოვნა იზრდება. ამ ეტაპზე ექსპორტზე უკვე გავიდა 100 ტონამდე შინდი და დამატებითი პარტიების გაგზავნაც  იგეგმება.

როგორც ”ფორტუნას”  შპს ”ფრუტილიას” დამფუძნებელმა ვახტანგ  ბეჟიტაშვილმა განუცხადა,  რუსეთის გარდა,   შინდზე მოთხოვნა ყაზახეთის ბაზარზეც არსებობს.

”ამ ორ ქვეყანასთან უკვე წლებია ვთანამშრომლობთ, როგორც ხილის, ისე მწვანილის ექსპორტის მიმართულებით. მწვანილის სეზონი ნოემბრიდან დაიწყება. რაც შეეხება ხილს, წელს ველოდით რომ ჯამში 1000 ტონამდე ხილის გატანას შევძლებდით, თუმცა საექსპორტო პროდუქციის მოცულობამ ჩვენს მოლოდინს გადაჭარბა. 1000 ტონაზე მეტი ხილი ამ დროისთვის უკვე გატანილი გვაქვს და ეს პროცესი კვლავ გრძელდება”, – აღნიშნა ბეჟიტაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ”ფრუტილია”  ამჯერად შინდისა და ქლიავის ექსპორტზე მუშაობს. აღნიშნულ  ხილს კასპისა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერებისგან იბარებს,  შემდეგ ამუშავებს, ფუთავს და ექსპორტზე გააქვს. ოქტომბრიდან კომპანია ყურძნის ექსპორტს დაიწყებს, ზამთრის სეზონზე კი ციტრუსს გაიტანს.

ამასთან, როგორც ბეჟიტაშვილმა განმარტა, ”ფრუტილია” ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაზეც მუშაობს. ”მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპულ ქვეყნებთან.  თუ პროდუქცია იქნება ხარისხიანი და ფასიც ხელსაყრელი, ევროპის ბაზარზე ექსპორტი არ გაგვიჭირდება. მითუმეტეს, რომ ასოცირების ხელშეკრულება ამის შესაძლებლობას იძლევა”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.  მისივე თქმით, ”ფრუტილია” სამომავლოდ ხილის საკუთარი ბაღების გაშენებასაც აპირებს. კომპანია გეგმავს,  ევროპელი პარტნიორებისგან ხილის თანამედროვე ნერგები შეიძინოს და ხეხილის ბაღი გააშენოს.

ცნობისთვის, ”ფრუტილია” მწვანილის 3 სახეობის ექსპორტზეც  მუშაობს, ესენია: ცერეცო, ოხრახუში და ქინძი.  კომპანიის საქმიაობის ძირითადი მიმართულება კი ხილის ექსპორტია.  საექსპორტო პროდუქციას ”ფრუტილია” ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები