LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს – „ამნესთი ინთერნეიშენალი“

59
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 22

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი“ აცხადებს, რომ რუსეთი ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მშვიდობიან მოქალაქეებს.

ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ინფორმაცია, რომელსაც ენერგოდარიდან, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ქალაქიდან ვიღებთ, მეტყველებს იმაზე, თუ რა საშინელ გავლენას ახდენს რუსეთის მილიტარიზაცია მშვიდობიან მოსახლეობაზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ატომურ ელექტროსადგურთან საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ტერიტორიის დემილიტარიზაციისკენ გააკეთა მოწოდება.

ამასთან, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიერ 4 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკას საცხოვრებელ რაიონებში ათავსებს, რაც მშვიდობიან მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიში გააკრიტიკეს და მასში გამოთქმული ბრალდებები უარყვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ამნესთი ინთერნეიშენალი“ ცდილობს ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას.

თავად ორგანიზაციაში კი განაცხადეს, რომ უკრაინის მთავრობის კრიტიკა ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს არ ცვლის. „ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივნის, აგნეს კალამარის განცხადებით, „რუსი და უკრაინელი ტროლების ბანდები თავს ესხმიან „ამნესთი ინთერნეიშენალის“ გამოძიებას, თუმცა ეს ორგანიზაციის მიუკერძოებლობას არ შეარბილებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები