რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას უსამართლო და არაპროპორციული უწოდა.
რუსეთის საგარეო უწყების „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1974 წლიდან არ ყოფილა არც ერთი წელი, რომ მოსკოვის წინააღმდეგ რამე სახის სანქციები არ მოქმედებდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თარიღი აქვს მონიშნული, მათ შორის 1974 წელი – შეზღდუვები საბჭოთა კავშირის ვაჭრობაზე და კრედიტებზე, 1980 წლის ოლიმპიადის ბოიკოტი, ასევე მაგნიცკის კანონი, უკრაინასთან და სკრიპალების საქმესთან დაკავშირებული სანქციები. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, დღეისთვის, ამერიკული სანქციების ტალღის რიცხვმა 65-ს მიაღწია.
„რუსულ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას უკავშირდება, მენტორული სწავლების ნაცვლად, გვსურს, ქალბატონი რუდისგან მოვისმინოთ ამერიკული შემზღუდველი ზომების „სამართლიანობაზე, საჭიროებაზე და პროპორციულობაზე“, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ზეწოლას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.