რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი” გააუქმოს.
ამის შესახებ განცხადება, უწყების ოფიციალურ გვერდზე, გუშინ, გვიან ღამით გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 27-28 მარტს შემდგარ ჟენევის მოლაპარაკებებზე, საქართველოს წარმომადგენლებმა, “შეხვედრა პროპაგანდისტულ აქციად გამოიყენეს”.
“საქართველოს მხარე კვლავ შეეცადა რუსეთისთვის გადაებრალებინა საკუთარი უუნარობა სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც ასევე რუსეთი ურჩევს საქართველოს, მეზობლებთან ნდობის აღდგენის საკითხზე სერიოზულად დაფიქრდეს.
საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის რეკომენდაცია ასეთია:
„საქართველო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მეზობლებთან ნდობის აღდგენაზე: ჟენევაში დაიწყოს პირდაპირი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, გააუქმოს „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, შეწყვიტოს რესპუბლიკების კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლა საზღვარგარეთ“.
შეგახსენებთ, ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს საგარეო უწყებამაც გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი იყო.