არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე გაერო, ევროკავშირი, ევროპარლამენტარები და სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებები მოითხოვენ, საქმის გამოძიება ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდეს და დადგინდეს, რა გახდა ახალგორიდან 22 თებერვალს გატაცებული 34 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი.
ექსპერტიზის პროცესში რუსი ექსპერტების ჩართვის მოტივით საოკუპაციო რეჟიმი ცხედრის გადმოცემაზე ისევ უარს ამბობს. ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ გადმოსვენება წამების კვალის გასაქრობად ჭიანურდება. რეზოლუციის პროექტში, რომელსაც პარლამენტი ახლა ამზადებს, მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
ამ დრომდე ღიად რჩება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული კიდევ ორი მოქალაქის საკითხი. გათავისუფლების მიუხედავად, ისინი კვლავ ოკუპირებულ რეგიონში რჩებიან.
რამდენიმე დღის წინ ახალგორში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზის მასალები და საბუთები ოკუპირებული ცხინვალიდან რუსეთის ფედერაციაში გადააგზავნეს. როგორც საოკუოპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ შესაბამისი ექსპერტიზა ადგილზე ვერ ჩაატარეს, რის შემდეგად საბუთების რუსეთში გადაგზავნა აუცილებელი გახდა.
ტატუნაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ოკუპირებულ ახალგორში მტერი არ ჰყავდა. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილმა ახალგორში პროდუქტი შეიტანა და მანქანაში დანაც კი არ ედო. დედა ამბობს, რომ ბრალდება, თითქოს ტატუნაშვილი ტერორისტულ აქტს აწყობდა, სიცრუეა და მისი შვილი ბორკილებდადებული წამებით უმიზეზოდ მოკლეს.
,,ჩემი მკვდარი შვილი დამიბრუნონ. ხუთი დღეა მიცვალებულია და პასუხს არ მაძლევენ, როდის მოიყვანენ ჩემს შვილს, რომ დავიტირო…სურათებს დავტირი…. მთავრობას თუ არ შეუძლია, პატრიარქი მაინც დაგვეხმაროს,“ – ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დედა, რუსუდან ტატუნაშვილი.
რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირება თუ სახელმწიფო პასუხისმგებლობის საკითხი – „ფორტუნას“ პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თორნიკე შარაშენიძე, ესაუბრა.
- ბატონო თორნიკე, ვისაუბროთ ტატუნაშვილის ფაქტთან დაკავშირებით. რაც მოხდა, არის თუ არა ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი?
- თორნიკე შარაშენიძე: ბუნებრივია, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, აბსოლუტურად მიუშვა სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუ აქამდე ჩვენი სპეცსამსახურები იყვნენ ძალიან აქტიურები და ამის გამო, ვერც აფხაზი და ვერც ოსი სეპარატისტები ვერ ბედავდნენ მსგავს თავხედობებს, რადგანაც იცოდნენ, რომ ამას ჩვენი სპეცსამსახურების მხრიდან ადეკვატური რეაგირება და შურისძიება მოჰყვებოდა, ახლა ეს ასე აღარ ხდება და მათთვის მსგავსი ქმედებები ჩვეულებრივი ამბავია.
- თქვენი შეფასებით, რამდენად არის აღნიშნული ფაქტი რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირება?
- თორნიკე შარაშენიძე: რუსეთი ნაკლებად მგონია აქ ჩართული, აქ უფრო სეპარატისტების ინიციატივასთან გვაქვს საქმე. გავიხსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ მსგავს საქმეს ვერ გაბედავდნენ ვერც რუსები, ვერც ოსები და ვერც აფხაზები.
- გალში და ახალგორში მცხოვრები ქართველებისთვის რას აკეთებს ხელისუფლება?
- თორნიკე შარაშენიძე: ბუნებრივია, უჭირთ ის, რომ გალში ქართველები დაიცვან. იქ ჩვეულებრივი აპარტეიდია, როცა ქართველებს ქართულად საუბარს უშლიან. ამ პირობებში, ბუნებრივია, უჭირს ხელისუფლებას რაღაცების კეთება. როცა ხელისუფლება ვერ აკეთებს ვერაფერს, სწორედ ამ დროს საქმეში ისევ და ისევ სპეცსამსახურები უნდა ჩაერიოს. ხელისუფლება, ასე ვთქვათ, ოფიციალურად პასუხს არაფერზე აგებს, მაგრამ ამავე დროს, ყველა მშვენივრად ხვდება, რომ ამ სპეცსამსახურების მოქმედების უკან დგას სახელმწიფო. ასეც უნდა იყოს, ასე არის მიღებული თავმოყვარე სახელმწიფოებში.
- თქვენი შეფასებით, გალსა და ახალგორში როგორი მდგომარეობაა ჯანდაცვის, განათლების და სოფლის მეურნეობის მხრივ?
- თორნიკე შარაშენიძე: ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ, ქართულად ასწავლონ სკოლებში. ჯანმრთელობას რაც შეეხება, როგორც ცნობილია, ჩვენ სეპარატისტებს უფასოდ ვმკურნალობთ. ესეც, მართალი გითხრათ, მე შეცდომად მიმაჩნია. როგორც ვიცი, უფასო ჯანდაცვის პროგრამები ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისთვისაც გავრცელდა.
- როგორ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა აღნიშნულ ტერიტორიებზე?
- თორნიკე შარაშენიძე: ფაქტობრივად, ვერ ხდება, რთულია. ამ მხრივ, ისევ და ისევ, მთავრობამ უნდა მოახდინოს სხვაგვარი გავლენა. კვლავ განვმეორდები, სწორედ ამისთვის არსებობს სპეცსამსახურები.