LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთი გაძლებს ამ აგარაკის გარეშეც, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, დიდი კითხვაა“ – ბჟანიას მოსახლეობა დაუპირისპირდა

684
BjANIA 23

რუსეთი ბიჭვინთაში ამ აგარაკის გარეშეც გაძლებს, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბიჭვინთაში არსებული მიწის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს. ინფორმაციას ტელეგრამის არხი RESPUBLICA- ავრცელებს.

სერგეი შამბა: “თუ ბიჭვინთაში რუსები იქნებიან, აგრესორი თავდასხმას ვერ გაბედავს”

საუბარია ბიჭვინთაში 184 ჰექტარის ფართობის მიწაზე, რომელსაც დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს და რომლის რუსეთისთვის გადაცემასაც საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს.

ასლან ბჟანია უარყოფს ინფორმაციას, რომ შეთანხმება რუსეთისთვის მიწის გადაცემას ითვალისწინებს. მისი მტკიცებით, მოხდება მხოლოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გადაცემა.

„შეგვიძლია თუ არა ჩვენ, უზრუნველვყოთ კეთილდღეობა, მშვიდობა და სიწყნარე რუსეთის მხარდაჭერის გარეშე? რა ალტერნატივა გვაქვს ჩვენ? გვყავს თუ არა მეზობლები, რომლებიც ასეთ მხარდაჭერას აღმოგვიჩენენ? სხვა მეზობელთან ჩვენ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორ შეიძლება ამის დავიწყება? ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ან ვერ აცნობიერებს, ან გვაჩვენებს, რომ არ აცნობიერებს, რომ დასავლეთი დაინტერესებული არ არის, დაგვეხმაროს.

ეს ტყუილია, ვინმეს ჩვენი დახმარება რომ სურდეს, ჩვენ უკვე გვაღიარებდნენ. მოხდებოდა თუ არა ჩვენი ქვეყნის აღიარება, დიდ რუსეთს რომ პირველი ნაბიჯი არ გადაედგა? რუსეთი გაძლებს ამ აგარაკის გარეშეც, ხოლო გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ბჟანიამ ოჩამჩირეში მოსახლეობასთან შეხვედრაზეც ვრცლად ისაუბრა. მან განაცხადა, რომ აგარაკი რუსეთის ფედერაციის სარგებლობაშია 1995 წლიდან და იქ რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურია განთავსებული.

„ბოლო დღეებია, ეს საკითხი აღელვებს ჩვენს საზოგადოებას. ხელმოწერილ შეთანხმებასთან ყველას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შეთანხმების ხელმოწერა შეესაბამება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. არიან ისეთებიც, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ“, – აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, 2010-2020 წლებში ამ სახელმწიფო აგარაკთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობამ არაერთხელ მიმართა აფხაზეთს და არაერთხელ სთხოვა, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები მათ საკუთრებაში გადაეცათ. ეს საკითხი განიხილებოდა თავად პრეზიდენტ პუტინთანაც 2020 წელს.

„არსებითად, ჩვენ რუსულ მხარეს გადავცემთ შენობა-ნაგებობებს და არა მიწას, როგორც ამის შესახებ ზოგიერთი ოპონენტი აცხადებს და მე მიმაჩნია, რომ ეს სწორია. ჩვენ ამ ობიექტს გადავცემთ არა ბიზნესსტრუქტურებს, არა შემთხვევით ადამიანებს, არამედ ხელმძღვანელს, რომელმაც, ჩემი აზრით, აფხაზეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. სწორედ მისი მოსვლით, აფხაზეთის მიმართ რუსეთის დამოკიდებულება შეიცვალა. ობიექტის საზღვრების შეცვლას არავინ აპირებს. ობიექტის სტატუსი მუდმივად იყო შენარჩუნებული.

მთელი ეს წლები იქ იმყოფებოდნენ რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლები“, – განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, შესაბამისი შეთანხმება უკვე ხელმოწერილია და დარჩენილია მისი რატიფიცირება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ იცის, როდის გაიტანენ ამ საკითხს ე.წ. პარლამენტის სესიაზე.

შექმნილი ვითარების გამო “პრეზიდენტს” შეხვედრის დატოვება მოუწია.

შეგახსენებთ, ბიჭვინთაში არსებული მიწის რუსეთისთვის გადაცემის საკითხმა ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. დე ფაქტო პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა რაიონში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე მწვავე კითხვები დაუსვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები