საუბედუროდ, რუსეთი დღემდე აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, მათი ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ნაბიჯებს, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ და უხეშ დარღვევებს, რაც დღემდე წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს გამოწვევას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.
ახვლედიანის თქმით, მიმდინარე ოკუპაციის საპასუხოდ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განსაზღვრული აქვთ თანმიმდევრული და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკა.
“ეს იყო რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის და ამბიციების აშკარა გამოვლინება და მცდელობა, რომ შეინარჩუნოს საკუთარი გავლენის სფეროები რეგიონში და შეზღუდოს დამოუკიდებელი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული არჩევანის სუვერენული უფლება. საუბედუროდ, დღემდე აგრძელებს რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, მათი ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ნაბიჯებს, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ და უხეშ დარღვევებს, რაც დღემდე წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს გამოწვევას. მიმდინარე ოკუპაციის საპასუხოდ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით და თანამშრომლობით ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თანმიმდევრული და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკა, რომლის დეოკუპაციის მიზნებთან ერთად უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენა, მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ხელოვნური ბარიერების და კედლების დანგრევა, ადამიანების შერიგება, რისკენაც მიმართულ ჩვენს ძალისხმევას კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივებით”, – განაცხადა ახვლედიანმა.