„პოლიტიკურად ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რადგან, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო მეტად ჩაერთვებიან მასში რუსეთი და თურქეთი“,- ამის შესახებ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ “რონდელის” ფონდის მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება საქართველოს პოლიტიკურ კლიმატს კიდევ უფრო გააუარესებს.
„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო მეტი მცდელობა იქნება თურქეთისა და რუსეთის მხრიდან გაუწიონ თავიანთ ე.წ პროტეჟე ქვეყნებს ყველა სახით დახმარება. მათ შორის სამხედრო სახის. ალბათ, თურქეთიც მოგვთხოვს ჩვენ ამის გატარებას.
მეორე მხრივ, რუსეთი და სომხეთის ღერძი თავისთავად იქნება დაინტერესებული საქართველოზე გაიაროს რუსულმა სამხედრო ტვირთებმა, ან შეიძლება მთლიანად რუსეთის ჯარმა.
ყოველთვის მოგვიწევს ამ ქვეყნების პრეტენზიების მოგერიება. ეს დაძაბავს მათთან ურთიერთობებს და პოლიტიკურ კლიმატს კიდევ უფრო გააუარესებს. ჩვენთვის ეს ძალიან სახიფათო და რთული ვითარებაა“,-განმარტა კახა გოგოლაშვილმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო თანამეგობრობისა და ძლიერი სახელმწიფოების ინტენსიური ჩარევა მოხდება, შესაძლოა საქართველომ თავი დაიცვას რაიმე სახის ხიფათისგან.
მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ განახლდა. მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.