ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 53-ე რაუნდი დღეს გაიმართება. ჟენევაში უკვე გაიმართა ტექნიკური შეხვედრა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია აცხადებს, მოლაპარაკებებისას მთავარი განსახილველი საკითხი ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება იქნება. ქართული მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან მწვავედ დააყენებს ზაზა გახელაძისა და ასევე, უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების საკითხს.
ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკების რაუნდი მძიმე იქნება.
“მთავარი თემა იქნება ის პუნქტები, რომელთა შესრულებასაც რუსეთი თავს არიდებს. რაც შეეხება თავად ფონს, ის მძიმეა. ჰუმანიტარულ ჯგუფში განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია უკანონო ბორდერიზაციასთან, დაკავებებთან. ჩვენი მოქალაქეები: გახელაძე, ბებუა, ბესტაევი დაკავებული არიან და სამწუხაროდ, გრძელდება ამ დაკავებების სერია. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა საკითხები გამოიყენება ზეწოლის მექანიზმად, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებათა პროცესს. რუსეთი ადამიანის უფლებათა თემებს სავაჭროდ იყენებს და სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ასეთ ფონზე გვიწევს პროცესის წარმართვა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.