სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს ამოწმებს. ეს ინფორმაცია “თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენელმა იგორ კუროპტევმა სოციალურ ქსელში დაწერა, სუს-ში რადიო “თავისუფლებასთან” საუბრის დროს კი ეს ინფორმაცია არ უარყვეს.
კუროპტევი ამშვიდებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთიდან ქვეყანაში შემოსული ნაკადების გამო ღელავენ და წერს, რომ მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად სტუმრობენ ნაქირავებ სახლებში, სასტუმროებსა თუ იმ ოჯახებში, რომლებშიც ისინი რჩებიან – ავსებენ სპეციალურ სარეგისტრაციო ფორმასაც.
ანდრო გოცირიძე რუსების შემოსვლაზე: მშვიდობიანი ტურისტის სახით დაზვერვის ოფიცრების შემოჟონვა ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ამას ყველა ქვეყანა იყენებს ომის წინა ეტაპზე
„ვისაც სადაზვერვო სტრუქტურასთან ახლოს მაინც გაუვლია, იცის, რომ დაზვერვის საქმე მარტო ინფორმაციის მოპოვება არ არის და მწვავე ღონისძიებები, ასევე დივერსიები და ზოგჯერ ქალაქზე კონტროლის დამყარება, გზის ჩვენება და გახსნა, სწორედ სამხედრო დაზვერვის ფუნქციაა.“ – წერს ანდრო გოცირიძე.
“იმედია, ეს ინფორმაცია გარკვეულ შვებას მოუტანს მათ, ვისაც წუხს ამ ნაკადების გამო… რუსებო, არ ინერვიულოთ, ეს ნორმალური პროცესი უვიზო და დიდი ნაკადის შემოსვლის დროს”, – აცხადებს კუროპტევი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი ეს ინფორმაცია არ უარყვეს, თუმცა მუშაობის დეტალებთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვეს. უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე “აქტიური საფრთხის კერები არ შეინიშნება”.
“ცხადია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტროლი ხორციელდება როგორც სახელმწიფო საზღვარზე ასევე ქვეყნის შიგნით. განხორციელებული კონტროლის მექანიზმები არის კომპლექსური და შედგება რამდენიმე ეტაპისგან. რა თქმა უნდა, აღნიშნულის შესახებ საჯაროდ ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. დაუშვებელია კონტროლის რამდენიმეშრიანი მექანიზმების შესახებ ღიად საუბარი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ უსაფრთხოების გარემო დაცულია”, – უთხრეს რადიო თავისუფლებას სუს-ში.
შეგახსენებთ, რუსეთიდან საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც. მისი თქმით, 24 თებერვლიდან 9 მარტამდე შემოსულია დაახლოებით 20 ათასი ადამიანია, მათგან 3 ათასს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებია.