რუსების სისხლს არ დავღვრი, – აღნიშნულის შესახებ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს და ამბობს, რომ აჯანყებას აჩერებს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ხსენებული გადაწყვეტილება ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღო.
„გარკვეულ ძალებს სურდა ვაგნერის არსებობის შეწყვეტა. დღე-ღამეში მივედით იმ ადგილამდე, საიდანაც მოსკოვამდე 200 კილომეტრი იყო დარჩენილი. ამ დროის განმავლობაში ჩვენი მებრძოლების სისხლის წვეთიც კი არ დაღვრილა. ახლა დადგა ისეთი მომენტი, როცა შეიძლება მომხდარიყო სისხლის ღვრა. ამიტომ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. ვატრიალებთ კოლონებს და მივდივართ საპირისპირო მიმართულებით, საველე ბანაკებში, წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით”, – აცხადებს პრიგოჟინი.
ცნობისათვის, გუშინ, 23 ივნისს, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.
რუსეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით კი ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მოგვიანებით, საზოგადოებას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა, მან განვითარებული მოვლენები „სამხედრო ამბოხად“ შეაფასა და თქვა, რომ „სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებს“.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინს და მის მომხრეებს დანებებისკენ მოუწოდა, ვაგნერის მეთაურმა კი განაცხადა, რომ „ჩაბარებას არავინ აპირებს“.
ამავე თემაზე:
ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვის და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა