რუპერტ გრინტის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. 30 წლის მსახიობს, რომელსაც მისი კოლეგებისა და მეგობრების, დენიელ რედკლიფისა და ემა უოტსონისგან განსხვავებით, ეკრანებზე იშვიათად ვხედავთ, დიდი შანსი აქვს სახელი კვლავ მოიხვეჭოს.
ინგლისელი მსახიობი, რომელსაც პოპულარობა 2001-2011 წლებში, ,,ჰარი პოტერის” ფილმების სერიაში, რონ უისლის როლის შესრულებამ მოუტანა, მრავალსერიან ფსიქოლოგიურ თრილერში გამოჩნდება.
სიუჟეტის მიხედვით, სერიალი დაქორწინებული წყვილის, შონისა და დოროტი ტერნერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც შვილის შეძენის შემდეგ ახალგაზრდა ძიძას აიყვანენ. ირკვევა, რომ გრინტი დოროტის უმცროს ძმას განასახიერებს.
ცნობილია, რომ სატელევიზიო შოუში მონაწილეობას ასევე, ლორენ ემბროუზი და ნელ ტაიგერ ფრი მიიღებენ. პროექტს, Apple-ის დაკვეთით, ,,ოსკარებზე” ნომინირებული რეჟისორი, ემ. ნაით შამალანი უხელმძღვანელებს.