2018 წლის რთველის ფარგლებში, მთლიანად საქართველოში 230 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და მოსახლეობამ 300 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2018 წლის დასასრულს 90 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინის ექსპორტი იგეგმება. “დღეს შევაჯამეთ როგორც 2018 წელი, ისე ქართული ღვინის განვითარების ნაწილში გარკვეული ეტაპი, მათ შორის შევაჯამეთ 2018 წლის რთველი, იმიტომ რომ უკვე დასასრულს მიუახლოვდა. წელს საქართველოში მივიღეთ რეკორდული რაოდენობის მოსავალი. რეკორდული რაოდენობის მოსავალი გადამუშავდა მეღვინეობის ყველა კუთხეში, მთლიანად საქართველოში 230 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და მოსახლეობამ 300 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ამდენი საქართველოში დამოუკიდებლობის პერიოდში არც გადამუშავებულა. ასევე რეკორდულია ქართული ღვინის ექსპორტის მონაცემები. ჩვენ ველოდებით 2018 წლის დასრულებისთვის დაახლოებით 90 მილიონიდან 100 მილიონამდე ბოთლის ექსპორტს და ეს არის ალბათ, გარკვეული ეტაპის დასასრული ქართული ღვინის სექტორის განვითარებაში და ვფიქრობთ, რომ 2019 წლიდან მომავალი 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება აბსოლუტურად ახალი მიზნები დასახული და ამ ახალი მიზნების მისაღწევად არის დღეისათვის ყველა წინაპირობა შექმნილი”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, დარგში წინსვლა ნათელია, რადგან გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია, შექმნილია ახალი და გაფართოებული ღვინის ძველი საწარმოები, ფუნქციონირებს აგროკრედიტის და აგროდაზღვევის სისტემა. მისივე ინფორმაციით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას აღარ საჭიროებს. წელს მევენახეებისგან ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე, 280-ზე მეტი კერძო კომპანია იყო ჩართული.
აღსანიშნავია, რომ წელს ყურძენი ღვინის საწარმოებს 22 ათასმა მევენახემ ჩააბარა.