თელავში დღეს, „რთველი 2017“-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძეს განცხადებით, რთველის ორგანიზებულად და წარმატებით ჩასატარებლად სრული მზადყოფნაა.
„მეღვინეობის დარგის არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით, 2017 წლის რთველზე, კახეთის რეგიონში, ღვინის გადამუშავების ნაწილში, ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს. ბოლო წლებში ღვინის სტაბილურად მზარდი ექსპორტი კერძო სექტორის მხრიდან ყურძნის შესყიდვით დაინტერესებას ზრდის. წელს, მევენახეებს არ შეექმნებათ ყურძნის ჩაბარების პრობლემა“, – აღნიშნა იური ნოზაძემ.
რთველი 2017 საკოორდინაციო შტაბის წევრები არიან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და ადგილობრივი (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) ხელისუფლების წარმომადგენლები.
შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ხელმძღვანელობს. მისი ინფორმაციით, „2017 წლის რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ მთავრობის განკარგულებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან 1 კგ ყურძენზე კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.
როგორც სამანიშვილმა აღნიშნა, 2017 წლის რთველის ფარგლებში, ყურძენს 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს და 10 ღვინის კომპანია უკვე დარეგისტრირდა რთველის საკოორდინაციო შტაბში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა „2017 წლის რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ის პროცედურები და აქტივობები განიხილეს, რომლებმაც რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვა უნდა უზრუნველყოს. ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცხელი ხაზი – 1501. რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე: www.georgianwine.gov.ge და www.rtveli2017.gov.ge.