იორდანიული ავიაკომპანია “Royal Falcon Airlines” ამანი-თბილისის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების შესრულებას გეგმავს. ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყების შესაძლებლობას ავიაკომპანია 2016 წლის აგვისტოდან განიხილავს. “Royal Falcon Airlines”-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისათვის საჭირო სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დღეს გაიმართა.
როგორც “ფორტუნას” საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, უახლოეს დღეებში “Royal Falcon Airlines”-ის კუთვნილი ტურისტული კომპანია ქართველ ტურ-ოპერატორებთან გაფართოვებულ შეხვედრას გეგმავს. სწორედ აღნიშნული კონსულტაციების შემდეგ განსაზღვრავს კომპანია თუ რა ტევადობის საჰაერო ხომალდის ტიპით და სიხშირით იფრენს საქართველოს მიმართულებით ზაფხულის სეზონზე. თავის მხრივ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს, როგორც ავიაკომპანიასთან, ისე იორდანიის საავიაციო ხელისუფლებასთან შესაბამისი დოკუმუნტაციის განხილვისა და ნებართვის გაცემის მიზნით. ავიამიმართულებაზე საკმარისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში “Royal Falcon Airlines” არ გამორიცხავს რეგულარულ ოპერირებაზე გადასვლის შესაძლებლობას.
იორდანიის დედაქალაქ ამანის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანია “Royal Falcon Airlines” რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით ახორციელებს.