ბიჭის დედა, რომლის ტელეფონიც რონალდომ დაამსხვრია, სასამართლოში ჩივილს აპირებს.
გავიხსენოთ: გასული სეზონის 32-ე ტურის მატჩში „მანჩესტერმა“ „ევერტონთან“ 0:1 წააგო. გასახდელისკენ მიმავალმა პორტუგალიელმა 14 წლის აუტისტ ბიჭს ხელიდან ტელეფონი გამოგლიჯა და გაუფუჭა. მოგვიანებით ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა.
მერსისაიდის პოლიციამ მოკვლევა ჩაატარა და ფეხბურთელს გაფრთხილება გამოუწერა.
„მინდა სიმართლეს მივაღწიო. მინდა, რომ ის პასუხისგებაში მიეცეს იმისთვის, რაც გააკეთა. ერთადერთი საშუალება სამართლიანობის მისაღწევად – ეს ბრძოლის გაგრძელებაა.
მე ინციდენტის თაობაზე პოლიციას შევატყობინე, მაგრამ ეტყობა, რომ მათ არაფერი არ გააკეთეს“, – თქვა სარა კელიმ.
სარა კელის თქმით, ინციდენტიდან მეორე დღეს მას რონალდოს წარმომადგენელმა დაურეკა სახელად სერხიომ და ფეხბურთელთან შეხვედრა შეთავაზა. უარის მიღების შემდეგ სერხიომ კითხა: „თქვენ იცით ვინ არის რონალდო?“
მე ვუპასუხე: „რა თქმა უნდა ვიცი და ჩემი პასუხია – არა“. მე ყურმილი დავკიდე, ვკანკალებდი და ვტიროდი. შეშინებულად ვიგრძენი თავი. როგორ გაბედეს?“
ქალმა ასევე განაცხადა, რომ იმავე კაცმა ორი დღის შემდეგ ისევ დარეკა და უთხრა, რომ რონალდოს პირადად სურდა დალაპარაკება. საუბრის შემდეგ ქალმა კრიშტიანო დაახასიათა „ყველაზე ქედმაღალი ადამიანი, ვისთანაც ოდესმე მისაუბრია“.
ქალმა ასევე აღნიშნა, რომ რონალდოს ტელეფონიც კი არ გამოუცვლია მისი შვილისთვის, ხოლო ინტერნეტ ტროლებმა კიდევ იქით გამოიყვანეს დამნაშავედ და მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეს.