“ვაქცინაცია არის მარტივი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გზა ერთმანეთზე, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვისთვის”, – განაცხადა ვიდეომიმართვაში რომის პაპმა და მოსახლეობას ვაქცინის მიღებისკენ მოუწოდა.
პაპი ფრანცისკეს და ექვსი კარდინალის მიმართვა დღეს გავრცელდა.
პაპი ამბობს, რომ ლოცულობს და ღმერთს სთხოვს, თითოეულმა ადამიანმა შეძლოს ვაქცინის მიღებით, ამ მცირე ჟესტით, საკუთარი სიყვარული გამოავლინოს.
“ვაქცინის მიღება სიყვარულის გამოხატვაა. ღვთის წყალობითა და მრავალი ადამიანის მუშაობის შედეგად, ჩვენ ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც დაგვიცავს კოვიდ-19-სგან.” – თქვა პაპმა.
სამწუთიან ვიდეომიმართვაში საზოგადოებას ვაქცინაციისკენ ასევე მოუწოდებენ ლოს-ანჯელესის მთავარეპისკოპოსი, მეხიკოს, ჰონდურასის, ბრაზილიის და სალვადორის კარდინალი და პერუს არქიეპისკოპოსი.
“საშინელმა ეპიდემიამ გამოიწვია დაავადება, სიკვდილი და ტანჯვა მთელს მსოფლიოში; ღმერთმა მოგვანიჭოს მადლი, რომ მას გავუმკლავდეთ რწმენის სიძლიერით და ასევე უზრუნველყოს, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის”, – თქვეს მათ.
მედიასაშუალებები წერენ, რომ ვატიკანმა ნათლად განაცხადა, რომ კოვიდვაქცინები არის მორალური სიკეთე და ის მისაღებია კათოლიკეებისთვის.
შეგახსენებთ, პაპი ფრანცისკე და ასევე მისი წინამორბედი პაპი ბენედიქტ XVI კოვიდვაქცინით 14 იანვარს აიცრნენ.