LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი სოფლებიდან მოცოცავს ოკუპაცია: არგაღიზიანების პოლიტიკის ფარგლებში მაინც გაღიზიანებული ოკუპანტები

332
page

რა ხდება საოკუპაციო ხაზთან, რამდენად რთულია ვითარება და სად არის ცხელი წერტილები ახლა, სადაც ოკუპანტები ისე გადაადგილდებიან, როგორც საკუთარ სახლში და თან ადგილებს ნიშნავენ.

ამ თემაზე “ფორტუნას” “ძალა ერთობაშია”-ს დამფუძნებელი დავით ქაცარავა ესაუბრა, რომელმაც სამი დღის წინ, პირდაპირი ეთერის დროს, ოკუპანტების აგრესია გამოიწვია.

კოორდინატების მოსანიშნად, სოფელ ტახტისძირში ე.წ. საზღვართან ახლოს მისვლისას, ქაცარავას შეიარაღებული ოკუპანტები გამოჰყვნენ. 

წელს შიდა ქართლიდან 29 ადამიანი გაიტაცეს: სუს-ის პასუხი "ფორტუნას"

"ფორტუნამ" ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, ძირითადად, რომელი სოფლებიდან ხდება გატაცება.

ტელეფონის და დრონის კადრებმაც დააფიქსირეს, როგორ გადმოვიდნენ ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და როგორ უყურებს ამას ქართული პოლიცია უმოქმედოდ…

სწორედ ასე იტაცებენ უამრავ ქართველს, ადგილობრივს, იმისთვის, რომ საკუთარ მიწა-წყალზე გადაადგილდებიან. პოლიცია კი ყველგან, ყოველთვის არ არის, მათ არც ლაივი აქვთ ჩართული და არც მედიასთან აქვთ ახლო წვდომა. ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებლები სრულიად დაუცველები არიან…

 

  • თქვენ ყველაზე ხშირად აწყდებით უსამართლობის ფაქტებს, როცა საკუთარი მიწიდან შეიძლება გაგიტაცონ და დაგადანაშაულონ, რა გრძნობაა ეს? რისი გადატანა უწევთ ყოველდღიურად საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებლებს?

 

სამწუხაროდ, ეს განცდა ძალიან მძიმეა მოსახლეობაში, ვინაიდან მოსახლეობას უსაფრთხოების შეგრძნება საერთოდ არ გააჩნია.

გატაცებების 80% ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხდება,ოკუპანტები ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადმოდიან ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქედან იტაცებენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ხელისუფლება კი ამ გატაცებებზე არ რეაგირებს, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება აიძულებს გატაცებულების ოჯახებს, არ გააჟღერონ ინფორმაცია ამ გატაცებების შესახებ რაც ბუნებრივია, ხელს არ უწყობს მოსახლეობას უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.

 

  • რეალურად რა ხდება საზღვრისპირა სოფლებში, გაიზარდა გატაცებების რაოდენობა?

არა, სინამდვილეში, რაც დავიწყეთ აქტიურობა და აქტიური გაშუქება, ბოლო სამი წელია კლების ტენდენციაა. უბრალოდ, ადრე, საერთოდ არ შუქდებოდა და არ ვიცოდით რეალურად რა ხდებოდა.

შედარებისთვის, 2012-2017 წლის ივლისამდე  საშუალოდ 140 გატაცება იყო წელიწადში.

რაც ჩვენ დავიწყეთ აქტიურობა ოკუპაციის ხაზთან, 2017 – 127, 2018 წელს 100 გატაცება, 2019 წელს 92, წელს ჯერჯერობით 29.

ჩვენ უბრალოდ ბევრად მეტი ინფორმაცია გამოგვაქვს და შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მეტი გატაცებაა.

 

  • თქვენ გაქვთ ყველაზე ცხელი ინფორმაცია ადგილიდან როდის და სად ცდილობენ .. საზღვრის გადმოწევას ოკუპანტები. ამ ეტაპზე თუ შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ რომელი სოფლებია საფრთხეში?

ამ ეტაპზე ოკუპანტები ოკუპაციის ხაზთან რამდენიმე მიმართულებით აქტიურობენ – წაღვლიჩორჩანის ტყე, სადაც ოკუპანტები შარშან სექტემბერში შემოიჭრნენ და 300 ჰექტრამდე ტერიტორია წაგვართვეს, სამწუხაროდ, მოცემულ ტყეში პროცესი არ არის დამთავრებული და მოსალოდნელია ნებისმიერ წუთას ამ ტყეში გაგრძელდეს ოკუპაციის პროცესი.

ჩორჩანაპერევის ტყის მასივი, რომელშიც ოკუპანტები ნიშნულებს აფიქსირებენ და ასევე ემზადებიან მინ. 800-900 ჰექტრის ოკუპაციისთვის.

ტახტისძირი, სოფელი, სადაც თვენახევრის წინ დაახლოებით 29-30 ჰექტარი წაართვეს ადგილობრივ მოსახლეობას, აქაც მზადდება ოკუპაციის გაგრძელება, ყოველ შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას ოკუპანტები აფრთხილებენ.

 

  • რატომ ვერ იცავს ხელისუფლება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იტაცებენ და რატომ არ აქვს საპასუხო რეაქცია? თუნდაც იგივე დაკავებების მხრივ, ხომ შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსულებიც დააკავონ?

 

2012 წლიდან ხელისუფლება ატარებს ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას, რომელმაც სრული ფიასკო განიცადა.

ხელისუფლების მხრიდან რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება, პირიქით, საოკუპაციო რეჟიმს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნა ქართულმა ოცნებამ”, რომელიც ამ კომფორტს მაქსიმალურად იყენებს.

რაც შეეხება სასაზღვრო პოლიციის ან სასაზღვრო ჯარების საოკუპაციო ხაზთან დაყენებას, ეს ბუნებრივია კატეგორიულად მიუღებელია, ვინაიდან ამ ტიპის ძალების განლაგება პირდაპირ .. საზღვრის აღიარებას ნიშნავს, თუმცა არსებობს სხვა გამოსავალი, რომელმაც შესაძლებელია მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია შეაჩეროს. მაგრამ ამისთვის აუცილებელია სახელმწიფო ნების არსებობა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია.

 

  • რა გზაა ეს? როგორ უნდა შეჩერდეს მცოცავი ოკუპაცია?

ეს კომპლექსური საკითხია და შესაბამის მიდგომას მოითხოვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი დროული რეაგირებაა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, სანქციების მოთხოვნა ოკუპანტისთვის მათ მიერ ნებისმიერი აგრესიული ქმედების განხორციელებისას, ოკუპაციის ხაზის მუდმივი კონტროლი და ოკუპანტებისთვის მუდმივი დისკომფორტის შექმნა,  სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა და განვითარება. შეგახსენებთ, ზუსტად სამოქალაქო აქტივიზმმა მოახერხა ატოცში მცოცავი ბორდერიზაციის შეჩერება.

2012 წლიდან მოყოლებული, “ქართულმა ოცნებამ” არც ერთხელ არ მოითხოვა რუსების მიერ განხორციელებული ოკუპაციისთვის სანქციების დაწესება და ფაქტიურად გააქრო ეს საკითხი საერთაშორისო სარბიელიდან. 

 

  • ამ ეტაპზე მხოლოდ თქვენი ორგანიზაცია ითავსებს ამ სამოქალაქო აქტივიზმს. ხელისუფლებისგან არანაირი მხარდაჭერა არ გაქვთ? თუნდაც ინფორმაციის გაცვლის დონეზე…

სამწუხაროდ, ხელისუფლება ჩვენ ორგანიზაციას პირდაპირ ებრძვის. ყველანაირ ხერხს იყენებს იმისთვის, რომ შეგვიზღუდოს წვდომა ოკუპაციის ხაზთან, ჩემს წინააღმდეგ მოაწყო თავდასხმა, რომელშიც “ოცნების” აქტივისტებმა მიიღეს მონაწილეობა და დღეს ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

  • და რატომ? რაში უშლით ხელს თქვენი საქმიანობა?

ჩვენი საქმიანობა ზუსტად იმ არგაღიზიანების პოლიტიკას უშლის ხელს, დისკომფორტს უქმნის რუს ოკუპანტს და არ აძლევს საშუალებას ხელისუფლებას მშვიდად გააგრძელოს კოლაბორაცია რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან.

ასევე, ჩვენ ვამხელთ ხელისუფლებას ჩვენი მიწა წყლის რუსი ოკუპანტებისთვის გადაცემაში, იმ ტერიტორიის, რომელიც არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში და 2008 წლის ომის შედეგად არ დაგვიკარგავს, მაგრამ ვკარგავთ ოცნების არგაღიზიანების პოლიტიკის ფარგლებში.

“ეს ადგილიც დაკარგულია, გვეშინია, ვერ გამოვდივართ” – როგორია ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან [ვიდეო]