მზიურის პარკის რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. სრულდება კიკვიძის პარკის რეაბილიტაციაც, სადაც მერმა მომდევნო კვირის დასასრულს პარკის გახსნითი ღონისძება დაანონსა.
“მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ამ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულდება სამუშაოები და გვექნება შესაძლებლობა ერთად გავხსნათ ეს ულამაზესი პარკი.
გარდა ამისა, კიკვიძის პარკში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა, აქაც სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ვფიქრობ, მომდევნო კვირის დასასრულს გვექნება შესაძლებლობა აქაც ჩავატაროთ გახსნითი ღონისძიება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული სკვერის რეაბილიტაცია და განახლება, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე გვქონდეს, სადაც ადამიანებს დასვენების შესაძლებლობა ექნებათ”, – აცხადებს კახა კალაძე.
ამასთან დედაქალაქს კიდე ორი რეაბილიტირებული პარკი შეემატა. ერთ-ერთი ყაზბეგის გამზირზე, მეორე კი ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარეობს.
“რამდენიმე დღის წინ ყაზბეგზე გავხსენით ძალიან ლამაზი მწვანე სივრცე, რომელიც შეიძლება დიდი არ იყოს, თუმცა ლამაზია და სიმბოლურია იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ბრძოლა მოუწია მოსახლეობას. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გადაწყვეტილი იყო, რომ ეს სკვერი გასხვისებულიყო და ამ სკვერის ადგილზე აშენებულიყო მრავალსართულიანი კორპუსები, თუმცა წინა მერის პირობებში მოხდა ამ სკვერის დაბრუნება. ასევე, ზეგ უკვე გავხსნით ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში ძალიან მაგარ პარკს, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. აქ ძალიან მაგარი სივრცე შეიქმნა, რომელიც ყველანარ სტანდარტს აკმაყოფილებს“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ გლდანის მე-8 მიკრორაიონში N23, N11, N9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაწყებულია, სადაც დაახლოებით 1 ჰექტარ ტერიტორიაზე ყველაფერი შეიცვლება. იქნება ახალი ხე-ნარგავები და განათებები. ბავშვებისთვის სპეციალური კუთხე მოეწყობა და ასევე განთავსდება სპეციალური ზონა, სადაც ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი.