ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის საქმის მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.პროკურატურას ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის, დაცვის მხარეს კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის დედის, ნინო გოგილაშვილის განცხადებით, თუ მის შვილს მოსამართლე გაამტყუნებს, ამას გაასაჩივრებს და გააპროტესტებს.
“ვახო იმ ბრალს ვერასდროს აღიარებს, რომელიც არ ჩაუდენია. 8 თვის განმავლობაში ვერც ერთი მოწმე ვერ ამტკიცებს შემხებლობას, ყველა მოწმე განადგურებული მიდის ადვოკატების მიერ. რომელი ბრალი? ვახოს გარედან ვუსმენდი და ბოლო სიტყვები ეს ჰქონდა, თუ მესვრით და მომკლავთო, აუცილებელი არ არის, ადამიანს ესროლო და ისე მოკლა, თუ განაჩენი დაუმსახურებლად დადგება, ესეც სიკვდილია ოჯახების.
ჩემი შვილი როგორც დამენანებოდა და გული დამწყდებოდა, ისე მენანება ეს ბავშვი. მოლოდინი მაქვს, რომ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება, იმიტომ რომ მაშინ აღარაფერი აზრი აქვს, აღარც სასამართლოს და ამ 9-თვიან პროცესებს აქვს აზრი. აუცილებლად გავყვებით სამართლებრივად და არასამართლებრივადაც. აუცილებლდ გავაპროტესტებთ ყველაფერს”. – განაცხადა გოგილაშვილმა.