LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ სამინისტროებს გაეზრდებათ დაფინანსება – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

70
0S8A5816

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი კომიტეტს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

ცნობისთვის, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველი 4.3%-დან იზრდება 7.7%-მდე. ასევე იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 3,8%-დან 7.5%-მდე. ამ გარემოების გათვალისწინებით, მთავრობა საგადასახადო შემოსავლების პროგნოზს 720 მილიონი ლარით ზრდის. მატება შეეხება საშემოსავლო, აქციზის, დღგ-ისა და იმპორტის გადასახადებს.

წარმოდგენილი ცვლილებით, სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 498.8 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 114.2 მლნ ლარით. მთავრობის ინფორმაციით, ზრდა გამოწვეულია COVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ღონისძიებების, ასევე ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსების გაზრდით.

 

რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება

 

სამინისტროების ბიუჯეტის ზრდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას BM.GE აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მთლიანი ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილება:

ჯანდაცვის სამინისტრო – მატება 600 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტი 6.1 მილიარდი ლარი

სამინისტროებს შორის ყველაზე მეტი თანხა – 600 მილიონი ლარი ჯანდაცვის სამინისტროს ემატება, რის შედეგადაც უწყების ბიუჯეტი 6.1 მილიარდ ლარს მიაღწევს. მათ შორის COVID-19-ის პაციენტთა მკურნალობის
ბიუჯეტი 446 მილიონი ლარით იზრდება და 846 მილიონ ლარს მიაღწევს. უშუალოდ ვაქცინების შეძენისთვის კი 150 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – მატება 36 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტი 643 მილიონი ლარი

ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით, 17.7 მილიონ ლარამდე ეზრდება. 29 მილიონი ლარით მცირდება სავალდებულო კარანტინის ორგანიზებისთვის გათვაალისწინებული ხარჯები. სანაცვლოდ, 55 მილიონი ლარით მატულობს სააგენტოს “აწარმოე საქართველოშის” დაფინანსება და ის 357 მილიონ ლარს მიაღწევს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – მატება 177 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტი 628.6 მილიონი ლარი

უწყების ბიუჯეტის მატება ძირითადად რთველის სუბსიდირების პროგრამას უკავშირდება. სამინისტროს ბიუჯეტი ამ მიმართულებით 100 მილიონი ლარით იზრდება და ის რეკორდულ 138 მილიონ ლარს მიაღწევს.

ასევე 74 მილიონი ლარით იზრდება ერთიანი აგროპროექტის დაფინანსება, რის შედეგადაც პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 280.7 მილიონ ლარს მიაღწევს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მატება 90 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტი 2.45 მილიარდი ლარი

ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დამატებითი თანხები ძირითადად გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ დასაფინანსებლად. მთლიანობაში ამ პროექტით მთავრობა 4 წლის ვადაში 500 მილიონამდე თანხის დახარჯვას განიხილავს. მისთვის უკვე დასრულდა 300 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს (ფასადები, სკვერები და სხვა). განახლებული რეგიონებისთვის თანხის გამოყოფის პარალელურად, 30 მილიონი ლარით მცირდება გზების მოვლა-შეკეთების ბიუჯეტი და ის 641 მილიონი ლარით განისაზღვრება. ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ბიუჯეტი კი 37 მილიონით იზრდება და ის 890 მილიონ ლარს მიაღწევს.

თავდაცვის სამინისტრო – მატება 30 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტი 930 მილიონი ლარი

ზრდა გათვალისწინებულია თავდაცვის უწყებაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა ლოჯისტიკური ღონისძიებების შეუფერხებლად განსახორციელებლად.

იუსტიციის სამინისტრო – მატება 60 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტი 296.5 მილიონი ლარი

ასიგნებები 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 60.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 296.5 მლნ ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია საერთაშორისო არბიტრაჟებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის ხარჯების დაფინანსების ზრდით.

განათლების და კულტურის სამინისტროები გაყოფის მიუხედავად, ბიუჯეტში კვლავ ერთ უწყებად არის წარმოდენილი, მათი ჯამური ბიუჯეტი 74.6 მილიონი ლარით იზრდება და 1.87 მილიარდ ლარს მიაღწევს.

მათ შორის განათლების მიმართულების დაფინანსება იზრდება 40.0 მლნ ლარით, დანარჩენი მატება კი კულტურისა და სპორტის მიმართულებაზე მოდის.

ცესკო – ბიუჯეტი იზრდება 4.2 მილიონი ლარით და ის 74.5 მილიონს მიაღწევს

სხვა უწყებების ბიუჯეტი უცვლელი რჩება.

 

მთავრობა, 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას დასკვნაში ასახული შენიშვნების გათვალისწინებით, პროცედურის თანახმად, პარლამენტს რამდენიმე დღეში დაუბრუნებს.

ბიუჯეტში ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე დასამტკიცებლად 23 ივლისს გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები