სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად უფრო აქტუალური ხდება პიროტექნიკის რეალიზაციისა და გამოყენების საკითხი, განსაკუთრებით მისგან გამოწვეული ზიანისგან ბავშვების დაცვის თვალსაზრისით.
პიროტექნიკის გამოყენება მისი ქიმიური შემადგენლობის გამო, საზიანოდ მოქმედებს გარემოზე, ასევე საფრთხეს უქმნის ფრინველების სიცოცხლეს და ამის შესახებ გარემოს დამცველები ბევრს საუბრობენ.
ყველაზე საგანგაშო კი ის სტატისტიკური მონაცემებია, რომელიც იზრდება ახალი წლის დღეებში – პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, უამრავი ბავშვი იღებს დაზიანებას, უკიდურეს შემთხვევაში, კარგავს კიდურებს.
რა რეგულაციები მოქმედებს პიროტექნიკური ნივთიერებების რეალიზაციის თვალსაზრიდით, სად და როდის დაიშვება, ან იკრძალება მისი გამოყენება, კონტროლდება და მოწმდება თუ არა პიროტექნიკური ნაკეთობების ხარისხი და ასევე, რა სასჯელს ითვალისწინებს არსებული მოთხოვნების დარღვევა – იურისტი და უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი განმარტავს:
? პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა აკრძალულია, რაც იწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში – 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი;
❗ ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, აკრძალულია პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება. გამონაკლისს წარმოადგენს სადღესასწაულო დღეები. კერძოდ, პიროტექნიკის გამოყენება, შესაბამისი წესების დაცვით, დასაშვებია ახალი წლის დღეებში:
31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე;
13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე.
? სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, პიროტექნიკური ნაკეთობების რეალიზაცია დასაშვებია სპეციალიზებულ მაღაზიებში, სექციებში, პავილიონებსა და ჯიხურებში, სადაც ისინი დაცული იქნება პირდაპირი მზის სხივებისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისგან.
პიროტექნიკური ნაკეთობის რეალიზაცია აკრძალულია:
- საცხოვრებელ შენობებში;
- რკინიგზის პლატფორმებზე;
- მეტროპოლიტენის სადგურების ზედა ვესტიბულებში;
- მიწისქვეშა გადასასვლელებში;
- ხანძარსაშიში ობიექტების ტერიტორიაზე.
როგორც იურისტი განმარტავს, ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, დაზიანების ნიშნების არსებობისას, ექსპლუატაციის ინსტრუქციის გარეშე და ა.შ. ასევე, პიროტექნიკური პროდუქციის რეალიზაციისას, თვითმომსახურების მაღაზიების სავაჭრო დარბაზებში გამორიცხული უნდა იყოს საყოფაცხოვრებო დანიშნულების პიროტექნიკურ ნაკეთობებთან მყიდველის უშუალო კონტაქტი.
პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება აკრძალულია:
- ნებისმიერი ფუნქციური დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, სათავსებში;
- შენობა-ნაგებობების სახურავებზე, აივნებზე, ლოჯიებსა და ფასადის გამოწეულ ნაწილებზე;
- სასცენო მოედნებზე საკონცერტო და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების დროს და ა.შ.
აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად და ითვალისწინებს ჯარიმებს შემდეგი სახით:
▪ პიროტექნიკის გამოყენების ან რეალიზაციის წესების დარღვევა იწვევს 500 ლარიან ჯარიმას;
▪ ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება, თუ იგი ახალი წლის დღეებში არ ხდება, ფიზიკური პირებისთვის იწვევს ჯარიმას 150 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის – 500 ლარს.