LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ? გარყვნილებაზე, რომელიც ევროპაშია დაკანონებული? ათეიზმი, რასიზმი, ფაშიზმი, ევროპიდან მოდის: მიტროპოლიტი იოანე

104
Untitled design (4)

“დღეს ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე: გავაგრძელოთ ქრისტეს გზა, ამ გზით ვიაროთ თუ წარმავალ რაღაც ღირებულებებზე, რომლებსაც ევროპულს ეძახიან”, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ გუშინ, 1 ივნისს, ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის განცხადებით ათეიზმი, ფაშიზმი და მსოფლიო ომები ევროპიდან წამოვიდა და აღნიშნა, რომ დღეს ევროპაში გარყვნილებაა დაკანონებული:

“ევროპაში მრავალი ღირებულება იყო და დღესაც არის. რომელზე? ეს ერის პოლიტიკური ღირებულებები და არა ზნეობრივი, არა სარწმუნოებრივი და არა ქრისტიანული.

მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ნუ გვეცილებიან ჩვენს არჩეულ გზაზე! მიგვიღონ, როგორიც ვართ. ჩვენ არ ვიყავით რასისტები, ჩვენ არ ვიმონებდით ვინმეს, ჩვენ არ ვართმევდით ტერიტორიებს არავის, ჩვენ მონების ყიდვა არ გვქონდა დაკანონებული… ჩვენ ყოველთვის ვიყავით მსხვერპლი, მსხვერპლი ღვთისათვის შეწირული ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. დღეს რა ავირჩიოთ? ვარსქენის გზა? თუ რომელი?”, – თქვა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.

ჩვენმა ხელისუფალმა, პრემიერმა იქ, უცხოეთში, შეხვედრაზე თქვა, რომ ევროგაერთიანება თუ ინტეგრაცია კარგია, მაგრამ უკვე ამდენი წელია ამაზე ვსაუბრობთ და საქმეზე ხომ არ გადავიდეთო? ხალხს რა ვუთხრათო? იმიტომ, რომ ეს უკვე ისე იწელება დროში, ხალხს უკვე იმედი აღარ აქვს, რომ თქვენ ეს გინდათო. კი, კი გავითვალისწინებთო, გაითვალისწინეს და ისეთი რამე შესთავაზეს ქვეყანას, რომ ნამდვილად ამაზე უარს იტყვიან ჭეშმარიტი ქართველები და ქრისტიანები და მაშინ საბაბი იქნება, ევროპაში როგორ შემოგიშვათ, თქვენ როგორი ჩამორჩენილები ყოფილხართო. ჩვენ ვართ ჩამორჩენილები?! და ისინი?! გააჩნია რომელ გზაზე ჩამოვრჩით ჩვენ და რომელ გზაზე არიან ისინი წარმატებული.

ახლა ევროპული ღირებულებებია. ეს სადაურია? გეოგრაფიული ტერმინი ღირებულებებზე ლაპარაკობს? მაშინ, აზიურიც იყოს, აფრიკული, სამხრეთ ამერიკული, ანტარქტიდისაც ხომ შეიძლება? რა ღირებულებებზე მელაპარაკებით? ევროპა, რომელიც წარმართობაში იყო, იმის ღირებულება? თუ, ქრისტიანული როცა იყო? თუ როცა კათოლიკეები ინკვიზიციით წვავდნენ ადამიანებს კოცონზე? რომელ ევროპაზე მელაპარაკებით თქვენ? რომელ ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი?! დღევანდელი ევროპის?მაგრამ საფუძველი რა არის? ჩამოვთვალოთ:

დამპყრობლებმა აფრიკა, ამერიკა დაიპყრეს, კარგი დაიპყრეს, აითვისეს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამოხოცეს, რასისტული იყო.

მუშახელი რომ დააკლდათ ამერიკაში, აფრიკიდან ათ მილიონზე მეტი ზანგი მონად გაყიდეს, რომ იქ ემუშავათ. ეს არის ევროპული ღირებულებები?! სისასტიკე იქ მყოფ ეთნოსს – ინდიელებს, სხვადასხვა ტომს, აფრიკელებს ადამიანებად არ თვლიდნენ, თუ ნახევრად რაღაცებად?! ეს ხომ რასიზმია უკვე.

საიდან წამოვიდა ათეიზმი? ევროპიდან. ფაშიზმი? ევროპიდან. მსოფლიო ომები? ევროპიდან. რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ ჩვენ? ამიხსენით, რას გულისხმობენ? უკაცრავად, გარყვნილებას, რომელიც დღეს ევროპაში დაკანონებული არის? ამ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ? ჩვენ ულტიმატუმს გვიყენებენ, რომ თქვენ თუ არ მიიღებთ ამას, ევროპაში არ მიგიღებთო.

უკაცრავად, ამ ულტიმატუმს არ უყენებენ ჩინეთს, არ უყენებენ ინდოეთს, იაპონიას, სპარსეთს, თურქეთს, რატომ? დიდი ქვეყნებია, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ცოტა ვართ და შეიძლება ჩვენ დაგვჩაგრონ? და უარი გვათქმევინო ჩვენს განვლილ, ორი ათასწლოვან გზაზე? ამას დემოკრატია ჰქვია ხომ? დემოკრატია თუ განსხვავებული აზრის შეწყნარებაა, მაშინ შემიწყნარე მე, განსხვავებული აზრი მაქვს. არა, ჩემი შეწყნარება არ შეიძლება, შენი უნდა შევიწყნარო – ეს არის დემოკრატია?”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები