ხვალიდან 2 თვის განმავლობაში, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება, დაიხურება ყველა სავაჭრო ცენტრი, ბაზრობები, ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და იკეტება რესტორნები, გასართობი ცენტრები, ფიტნეს და სავარჯიშო დარბაზები, ასევე საცურაო აუზები. აიკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა და ნებისმიერი გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით იზღუდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო, პროგნოზების მიხედვით, გარდაცვალების გაცილებით მეტი შემთხვევა დაფიქსირდებოდა და საქართველოში კოშმარული ზამთარი დადგებოდა. ამის შესახებ პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
“სულ მცირე ორი კვირა სჭირდება იმას, რომ შეზღუდვების ეფექტი გამოჩნდეს” – თამარ გაბუნია
იმნაძის თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურებას ორი კვირის შემდეგ უნდა ველოდოთ.
„სამწუხაროდ, ფაქტია, ჯერ იმის იმედი, რომ უახლოეს დღეებში იქნება მნიშვნელოვანი კლება კორონავირუსის ახალი შემთხვევების, ასე არ არის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მატება კატასტროფული არ იყოს. აქედან გამომდინარე, იმედი იმის, რომ ცოტათი მაინც დასტაბილურდება ვითარება, უნდა გვქონდეს ათი-თოთხმეტი დღის შემდეგ.
ჩვენ ძალიან ცუდი გრძელვადიანი პროგნოზები გვაქვს, ესეც შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილიყო, არ დაწესებულიყო ის შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან შედის ძალაში, დაახლოებით ოთხჯერ მეტ ადამიანს დავკარგავდით გაზაფხულისთვის.
რა თქმა უნდა, მსხვერპლი გარდაუვალია და ეს იქნება, მგრამ უბრალოდ მე არც მინდა ვთქვა, რადგან ადამიანებს მეტად არ შეეშინდეთ იმ რეალობის, რაც ჩვენ გველოდა რომ არ ყოფილიყო ეს შეზღუდვები. ეს არის ძალიან მძიმე ციფრები, რაც არის პროგნოზები არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებიც. აკრძალვების, შეზღუდვების გარეშე ჩვენ გველოდა კოშმარული ზამთარი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.