თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის (ADB), მომავალი ქალაქების პროგრამის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციას „ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიაში“ დაესწრო.
ღონისძიებაზე, თბილისის ავტობუსების ქსელის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კვლევის შედეგები წარადგინეს, რომლის საფუძველზეც ქალაქში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შეფასდა და შემოთავაზებულ იქნა ავტობუსების ქსელის რეკონსტრუქციის ჩარჩო.
მათ შორის, მიწისზედა სატრანსპორტო კორიდორის კონცეპტუალური დიზაინი, რომელიც ეყრდნობა ავტობუსების სწრაფ ტრანზიტულ სისტემას ან ტრამვაის. კორიდორების შექმნა ხელს შეუწყობს გამტარუნარიანობასა და საცობებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.
ანგარიშში, ასევე, დეტალურად არის აღწერილი ავტობუსების განრიგის განახლება და ქსელის სხვა პრიორიტეტული საკითხები. ასევე, სხვა საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებთან ინტეგრაცია, რათა განიტვირთოს საავტომობილო მოძრაობა და წახალისდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა.
„დღეს წარმოდგენილი კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც ავტობუსების, ასევე მეტროს სისტმის განვითარებას, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ერთის მხრივ, მარშრუტების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა , რაც მნიშვნელოვანია, როგორც საცობების განტვირთვის, ასევე, საწვავის დაზოგვის თვალსაზრისით. ეს უფრო მოქნილსა და ეფექტიანს გახდის მუნიციპალურ სატრანსპორტო სისტემას. ამ კვლევების საფუძველზე, რაც დღეს იქნა განხილული, ჩვენ უკვე მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ამ ეტაპზე დიღომი–მარჯანიშვილის კორიდორს შეისწავლიან.
„რამდენიმე კორიდორიდან იქნა შერჩეული ამ ეტაპზე ყველაზე უფრო ოპტიმალური და ეს არის დიდი დიღომი- მარჯანიშვილის მოედანი, სადაც შესწავლილ იქნა 14 კილომეტრიანი მარშრუტი ავტობუსებისთვის სპეციალური პრიორიტეტული ხაზების მოწყობისთვის (Bus Lane) და ასევე, ტრამვაის განვითარებისთვის, წარმოდგენილი იქნა მელიქიშვილის გამზირზე “Bus Lane”-ის მოწყობის შესაძლებლობები“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ.
წარმოდგენილ ანგარიშში საუბარი ასევე შეეხო პარკინგის სტრატეგიის ძირითად პრინციპებს, რომლის დეტალურ აღწერილობასაც თბილისის მერია უახლოეს მომავალში მიიღებს, რის შემდეგაც დოკუმენტი განსახილველად საკრებულოს შესაბამის კომისიას წარედგინება.
CDIA-იმ ასევე წარმოადგინა თბილისის მეტროპოლიტენის სისტემის მიზანშეწონილობის ახალი კვლევა, რომელიც სავარაუდოდ 5 თვეში დასრულდება და მეტროპოლიტენის მუშაობის მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის განახლების, მგზავრების უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებს შეისწავლის.
საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორის, იეშიმ ელჰან-კაიალარის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკს თბილისის მერიასთან ძლიერი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.
„იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევები გადაიქცევა ხელშესახებ პროექტებად და ქალაქ თბილისის მოსახლეობას უკეთეს მომსახურებას შევთავაზებთ“,- განაცხადა იეშიმ ელჰან-კაიალარმა.
ამჟამად, თბილისში, ასევე, იმყოფება აზიის განვითარების ბანკის „მომავალი ქალაქების“ პროგრამის დელეგაცია, რომელიც 7 საერთაშორისო გუნდისგან, მათ შორის გენდერული საკითხების სპეციალისტებისგან, სმარტ ტექნოლოგიებისა და ციფრული ფინანსირების ექსპერტებისგან შედგება. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი ადგილობრივი ორგანოებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა და შესაბამის დაინტერესებულ პირებთან შეხვედრაა. ვიზიტი ძირითადად მოიცავს პოტენციური შესაძლებლობების აღმოჩენას, რათა გაუმჯობესდეს ურბანული დაგეგმარება, გაიზარდოს ინსტიტუციონალური შესაძლებლობები და ტექნოლოგიები, სტიმული მისცეს ქალების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვასა და მონაწილეობას.